20.სექტემბერი .2020 13:30

“თბილისი ენერჯის” გაზის მცირე კომპანიების შეძენა სურს - ორ მათგანთან უკვე მოლაპარაკება აქვს - ნარმანია

views 404
უკან

“თბილისი ენერჯის” გაზის მცირე კომპანიების შეძენა სურს - ორ მათგანთან უკვე მოლაპარაკება აქვს - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა “ფორბს კვირაში” განაცხადა.

მისი თქმით, “თბილისი ენერჯის” აქვს ინტერესი თბილისის გარშემო მომუშავე მცირე კომპანიები შეისყიდოს, მათ შორის ორთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათი აქტივების შეფასება გაკეთებეულია. დავით ნარმანიას თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოში მოღვაწე ენერგოკომპანიებს ავალდებულებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისება წინასწარ შეატყობინონ და შეუთანხმონ სემეკს. თავის მხრივ კი, სემეკს გაუჩნდა უფლება, შეაჩეროს გარიგებები ამ კომპანიებში თუკი ის ჩათვლის, რომ ეს გარიგება ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის არასასურველია.

დავით ნარმანია კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს, რატომაც დაჩქარდა კანონის დამტკიცება.

“მიმდინარეობს გაზის სექტორში პატარა კომპანიების გაყიდვა და მსხვილი კომპანიების მიერ მათი შესყიდვა. შესაძლოა, სხვა კომპანიებიც გაჩნდეს, ვინც მათ წილს იყიდდა. ეს იყო მთავარი, რატომაც დავაჩქარეთ კანონის მიღება.

ამასთან, მოქმედი პარლამენტი თავის ვადას წურავს და ძალიან მოკლე სასესიო პერიოდია შემოდგომაზე დარჩენილი, შესაძლოა კანონი ვერ მიგვეღო ამ პერიოდში და გადაგვევადებინა 6 თვით. არადა ახალი სისტემა შედის ძალაში და კანონში ცვლილებების ნაწილი მოსტუმრებული უნდა ყოფილიყო, რადგან კანონქვემდებარე აქტების შექმნაზე მუშაობას ჩვენ განვაგრძობთ”,-აცხადებს ნარმანია.