მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ინდუსტრიული ზონა გაიყიდა - რა გარიგება შედგა Bitfury-სა და „ზოტი ჰოლდინგს“ შორის?

6465e89c9fb78
ელენე გოგბერაშვილი
18.05.23 17:40
3787
თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ახალი მფლობელი ჰყავს. შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკი”, რომელიც თბილისში, გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებულ “თბილისის თავისუფალ ზონას” ფლობდა, „ზოტი ჰოლდინგმა“ იყიდა. თავის მხრივ, თიზ-ის დამფუძნებელი ოფშორში რეგისტრირებული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ი იყო, რომელიც თიზის ტერიტორიაზე 60 მეგავატის სიმძლავრის კრიპტოვალუტის დატა ცენტრს ფლობს.

შეიცვალა კომპანიის დირექტორიც. სოსო ნიბლაძე, რომელიც აქამდე „ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ხელმძღვანელობდა, „ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლა უკვე თიზის მმართველი პარტნიორია.

გადაცემა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში სოსო ნიბლაძე Bitfury-სთან გარიგების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გასული წლის აგვისტოში „ზოტი ჰოლდინგი“ სწორედ იმ მიზნით დააფუძნეს, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ეყიდათ.

„ზოტი ჰოლდინგმა“ გარკვეული ხნის წინ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა Bitfury-სთან და ორივე მხარის საერთო ინტერესებით გარიგება დასრულდა ამ წლის მარტში, რომლის შედეგადაც თბილისის თავისუფალი ზონის მმართველ კომპანიის 100% შეიძინა „ზოტი ჰოლდინგმა“. შედეგად თბილისის თიზ-ის მმართველი, მფლობელი და ადმინისტრატორი არის „ზოტი ჰოლდინგი“ და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას მის ისტორიაში ახალი ფურცლის შექმნის მიზნით.

გარიგების მოცულობას კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაგისახელებთ, თუმცა ჩვენს მიერ ერთობლივად კარგად იქნა ჩატარებული ეფექტურად ე.წ დიუდილიჯენს პროცესი, შეფასებულ იქნა მისი არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ამ კომერციულ გარიგებაში“,-აცხადებს სოსო ნიბლაძე „რედაქტ2-თან“ ინტერვიუში.

ნიბლაძის თქმით, „ზოტი ჰოლდინგის“ უკან დგანან როგორც ქართველი, ისე ევროპელი პარტნიორები.

თავად “ზოტი ჰოლდინგი” 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი მფლობელების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

● იოსებ ნიბლაძე - 38%;
● ირაკლი რეხვიაშვილი - 36%;
● ვარლამ რეხვიაშვილი - 14%;
● შპს მირატეკ, უნგრეთი - 6%;
● გილ ფეილერ, გერმანია - 6%.

„ზოტი ჰოლდინგი“, ეს არის ახალი ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ქართველ და ევროპელ ბიზნესმენებს. ახალი ინიციატივაა, რომელიც შექმნისთანავე ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მომხდარიყო თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შეძენა. ამ კომპანიის უკან დგანან როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე ევროპელი პარტნიორები. ჩვენი მიზანია ეს ქართულ-ევროპული სინთეზი კიდევ უფრო გაფართოვდეს მეტი ევროპელი ინვესტორების და ჩვენი პარტნიორების ჩართულობით“,-ამბობს სოსო ნიბლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები