მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის მშენებლობა იწყება - პროექტის ღირებულება 71 მლნ ლარია

5e5810be2b592
BM.GE
27.02.20 23:07
1430
თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია.

პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები