04.ოქტომბერი .2020 00:20

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელი 20-მილიონიანი ზარალით დაასრულა

views 1289
უკან


თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელი 20 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფისკალური რისკების ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანიის ჯამური შემოსავალი 53 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 192 მილიონ ლარს მიაღწია. აქედან კომპანიის საოპერაციო შემოსავალი, ანუ ძირითადი საქმიანობიდან - მეტროს და ავტობუსების ოპერირებიდან მიღებული სახსრების მოცულობა 163 მილიონ ლარს შეადგენდა, არასაოპერაციო შემოსავლები კი 29 მილიონი ლარი იყო. თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა კომპანიის ჯამური ხარჯების გასასტუმრებლად, რაც ჯამურ შემოსავალს 20 მილიონი ლარით აღემატებოდა და 2012 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, კომპანიამ 20 მლნ-ის ზარალი განიცადა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად წაგებაზე გადის. წლების მიხედვით, მისი შემოსავლები და ზარალის მოცულობა ასეთი იყო:

● 2013 წელი - შემოსავალი 104 მილიონი, სრული ზარალი 17 მილიონი ლარი;
● 2014 წელი - შემოსავალი 114 მილიონი, სრული ზარალი 19 მილიონი ლარი;
● 2015 წელი - შემოსავალი 117 მილიონი, სრული ზარალი 16 მილიონი ლარი;
● 2016 წელი - შემოსავალი 122 მილიონი, სრული ზარალი 10 მილიონი ლარი;
● 2017 წელი - შემოსავალი 132 მილიონი, სრული ზარალი 71 მილიონი ლარი;
● 2018 წელი - შემოსავალი 149 მილიონი, სრული ზარალი 56 მილიონი ლარი;
● 2019 წელი - შემოსავალი 192 მილიონი, სრული ზარალი 20 მილიონი ლარი;

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” დედაქალაქის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სატარიფო პოლიტიკით საქმიანობს, ამასთანავე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა განსაზღვრული ჯგუფისთვის განსაზღვრულია უფასო მგზავრობა მიწისქვეშა მეტროსა და ავტობუსის რეგულარულ რეისებზე ან ფასდაკლებული გადასახადი პლასტიკური ბარათით ერთხელ გადახდის შემთხვევაში.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” საბალანსო უწყისიდან ირკვევა, რომ 2019 წელს კომპანიის აქტივების მოცულობა გაორმაგდა და მან 811 მილიონ ლარს მიაღწია. მათ შორის კომპანიის მიმდინარე აქტივები 162 მილიონი ლარი, გრძელვადიანი აქტივები კი 649 მილიონი ლარის ტოლია. აქტივების ზრდა სწორედ ამ უკანასკნელს შეეხო და ის 400 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რამ განაპირობა კომპანიის აქტივების ასეთი მნიშვნელოვანი მატება. შესაძლოა აქტივების ღირებულების მატება გასულ წელს ავტობუსების პარკის განახლებით იყოს გამოწვეული.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წელს კომპანია საოპერაციო შემოსავლების დაახლოებით 40 მილიონი ლარით შემცირებას მოელის, რაც ძირითადად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს, ავტობუსებისა და მეტროს შემოსავლების განულებას უკავშირდება.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი პანდემიის დაწყებამდე შეადგენდა 13 მლნ ლარს. 2020 წლის მარტი-აპრილის თვეებში ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის გამო. ამავე პერიოდში კომპანიის საწვავის ხარჯები შემცირდა დაახლოებით 10-15-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიის ხარჯი შემცირდა 200 ათასი ლარით, რადგან გაჩერებული იყო მეტრო და ავტობუსები. კომპანიის შეფასებით, პანდემიის გამო 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა შემოსავლები, რაც შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა