მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სპორტის სასახლემ გალკინის კონცერტის ორგანიზატორს დარბაზის მიქირავებაზე უარი უთხრა - biletebi.ge

6311ff35b970c
მარიამ ვარადაშვილი
02.09.22 17:24
1365

Biletebi.ge აცხადებს, რომ თბილისის სპორტის სასახლე უარს ამბობს ცნობილი რუსი მუსიკოსის ანდრეი მაკარევიჩის და ასევე რუსი კომედიანტის მაქსიმ გალკინის კონცერტის ჩატარებაზე მაშინ, როცა ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. აღსანიშნია, რომ გალკინის კონცერტის ჩატარება თბილისში ოქტომბერში იგეგმებოდა. ის საქართველოში მსოფლიო ტურნის ფარგლებში ჩამოდის, რომლის მიზანიც უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაა. 

როგორც კომპანიაში BMG-ის უთხრეს, უარის ოფიციალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, მაგრამ  Biletebi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ სპორტის სასახლის მენეჯმენტი ზეწოლის ქვეშაა და ამ საკითხზე ღიად საუბარი არ სურთ. 

"დაიბარეს ამ კონცერტების პრომოუტერები და დარბაზის <სპორტის სასახლის> ხელმძღვანელობამ, სადაც უნდა ჩატარებულიყო ეს კონცერტი და უთხრა, რომ კონცერტს ვეღარ ჩაატარებდნენ, რადგან სარემონტო სამუშაოები იწყება. არადა თვეზე მეტია ბილეთები გაყიდვაშია და უკვე რამდენიმე ათასი ბილეთია გაყიდული. მათ ამ დარბაზთან კონტრაქტიც გააფორმეს. რამდენიმე ასეული ათასის ღირებულების ბილეთია გაყიდული, ჩვენ თანხას დავაბრუნებთ, მაგრამ ეს ანგრევს ინდუსტრიას. ამის შემდეგ ვერავინ გაბედავს ვინმეს ჩამოყვანას. უკვე თვეზე მეტია ბილეთები გაყიდვაშია და არაფორმალური მექანიზმით კონცერტი უქმდება. სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ რემონტის შესახებ ერთი თვის წინ არ იცოდა?! 2 ათას ადამიანზე მეტს ჰქონდა ბილეთი ნაყიდი და ამ ადამიანებს გაუუქმეს კონცერტი. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს სახელმწიფოა.

რისი შეეშინდათ?! ეს არტისტები რუსეთის ხელისუფლების მიმართ მკვეთარდ ოპოზიციურად არის განწყობილები. იმის შეეშინდათ, რომ გალკინი პუტინზე იხუმრებს?! მაშინ საერთოდ პარანოისთან გვაქვს საქმე", - ამბობს ჩხიკვიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კონცერტის ორგანიზატორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია იყოს, რათა ბილეთების ყიდვა გააგრძელონ. კერძოდ, მთავრობისგან მიიღონ გარანტია იმაზე, რომ მაგალითად, რუს კომიკოსს საქართველოს საზღვარზე შემოუშვებენ. ჯერჯერობით, biletebi.ge ბილეთების გაყიდვას აგრძელებს და ცდილობს, კულტურის სამინისტროს დაუკავშირდეს. 

ვის ეკუთვნის სპორტის სასახლე?

სპორტის სასახლე თბილისის მერიის საკუთრებაშია, თუმცა ობიექტის მართვის უფლება 2007 წლის 8 მაისს შპს "ლოჯიკ გრუპს" გადაეცა, შესაბამისად, ამჟამად დარბაზს კერძო მენეჯმენტი ჰყავს. თავად “ლოჯიკ გრუპის” მესაკუთრე არის შპს “ატლანტიკ ჩენელს ჯორჯია“, რომელსაც აშშ-ის დელავერის შტატში რეგისტრირებული ფირმა ATLANTIC CHANNELS-ი ფლობს. BM.ge ცდილობს, სპორტის სასახლის მმართველის კომპანიის მენეჯმენტს დაუკავშირდეს.

ამასთან, BMG უცვლელად გთავაზობთ biletebi.ge-ს განცხადებას, რომელიც მათ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს, რომლითაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართავენ.

"ამ დღეებში გახდა ცნობილი რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე. ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (ანდრეი მაკარევიჩი და მაქსიმ გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ? სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს - გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

BMG ცდილობს, კულტურის სამინისტროს დაუკავშირდეს და მათი პოზიცია მოისმინოს.