მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი კვების ობიექტი - „კრეპერო“ გაიხსნა

5f8a8219c7b96
მარიამ ადამია
17.10.20 09:40
2117
ვაკეში, ქუთათელაძის ქუჩაზე ახალი კვების ობიექტი - „კრეპერო“ გაიხსნა. მეგობრების მიერ დაწყებული ბიზნესის საწყისი კაპიტალი 20 ათასი ლარი და მხოლოდ ერთი დასაქმებულია, რომელიც ეტაპობრივად, მომხმარებლების ინტერესისა და რაოდენობის პარალელურად გაიზრდება.

სახელიც ზუსტად ასახავს, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს ახალი კვების ობიექტი. ანუ მთავარი კერძი "კრეპეროში" არის კრეპები და ესაა მათი კონკურენტული უპირატესობაც, რადგან როგორც თავად ამბობენ, დედაქალაქში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც კრეპებს ქართულ-ევროპული შიგთავსით ამზადებენ და იყენებენ მას, როგორც დესერტის, ასევე ლანჩის მიმართულებით.

„ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიამდე გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება მსოფლიოში განვითარებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და კოვიდს დაემთხვა, მაგრამ უკან არ დავიხიეთ და თავიდანვე მოვერგეთ შეზღუდვებს, შევიმუშავეთ უსაფრთხოების ყველა დადგენილი სტანდარტი და გახსნის პირველივე დღიდან ავამუშავეთ მიტანის სერვისი.

კონკურენტული უპირატესობა ალბათ მაინც ისაა, რომ ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტის გამოყენებით ვამზადებთ და იდეაც ეს იყო, რომ მომხმარებლებისთვის შეგვექმნა განცდა, თითქოს სახლში, თითქოს ბებოს გამომცხვარ ბლინებს მიირთმევენ,“ - ამბობს Bmg-თან, „კრეპეროს“ თანადამფუძნებელი, ანანო რობაქიძე.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, კვების ობიექტს დაემატება კრეპების გარდა ბელგიური ვაფლები, ხოლო შედარებით შორეულ პერსპექტივაში კრეპერო ქსელი უნდა გახდეს.

„ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ლოკაციების შერჩევა, უბრალოდ ველოდებით ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში არსებული სიტუაციის დარეგულირებას, რომ თამამად გადავდგათ ნაბიჯები. თავიდანვე სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ კომპანიის ბრენდინგს და ვფიქრობთ, რომ შევქმენით სწორედ ის, რაც აკლდა ქართულ ბაზარს,“ - აღნიშნა ანანო რობაქიძემ.

რაც შეეხება ფასებს, კრეპების ღირებულება 6 ლარიდან იწყება და შემდეგ იზრდება შიგთავსის შესაბამისად. დაახლოებით 10 ლარად ადამიანს შეუძლია, სასმელთან ერთად სრულფასოვანი ლანჩი შეიძინოს.