მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპით შეშფოთებულნი ვართ – FIBA

61ab9dff14b17
BM.GE
04.12.21 21:04
4088
2022 წლის სექტემბერში საქართველო Eurobasket-ის თამაშებს უმასპინძლებს, რისთვისაც სახელმწიფო თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ საკალათბურთო სტადიონს აშენებს. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარია და მას სამშენებლო კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ასრულებს.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელი დირექტორის კამილ ნოვაკის განცხადებით, ფედერაცია შეშფოთებულია თბილისში ევრობასკეტ 2022-ისთვის განკუთვნილი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით.

ნოვაკმა ეს განცხადება დღეს თბილისში ყოფნისას მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მშენებარე ობიექტი მოინახულა.

„ახლახანს დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის მიმდინარეობა ვნახეთ. ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები. როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია.

ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნისი-ივლისის ფანჯრისთვის მაინც იყოს მზად ყველაფერი და აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები (დარბაზის) სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა კამილ ნოვაკმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 30 ნოემბრამდე გადავადდა, რაც დარბაზში ეპიდემიური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სავენტილაციო სისტემა განახლებული გეგმის მიხედვით დამონტაჟდების მიზეზით იყო გამოწვეული. თავის მხრივ გადავადდა Eurobasket-ის ჩატარების თარიღიც, რაც თავდაპირველი გეგმით 2021 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მიუნხენში გამართულ კონგრესზე, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA EUROPE) მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ერთ-ერთი ქვეჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართოს. აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად "ახალი ოლიმპიური სასახლის" ტერიტორიაზე ახალი ობიექტის მშენებლობა გადაწყდა, რისთვისაც მთავრობა სახელმწიფო შპს "სპორტმშენსერვისი" დააფუძნდა, თავისმხრივ "სპორტმშენსერვისმა" პროექტის განსახორციელებლად 70 მილიონი ლარის ოდენობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "საბა კონსტრაქშენთან".