მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი: 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან $531 მლნ დოლარი მოვიზიდეთ

5e57d2de2b02f
თელარა გელანტია
27.02.20 19:15
558
თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული.

„2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი - 39.0%. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად კორპორატიულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა.

კორპორატიულ სექტორში დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის. MSME სექტორში კი - სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე.

თიბისი ლიდერი ბანკია საცალო სეგმენტშიც და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს საცალო სესხების პორტფელი წინა წელთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდით. ამჟამად თიბისის საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ს შეადგენს, საცალო დეპოზიტებში კი - 37.9%-ს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: დღეს თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.