მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ჯგუფი უზბეკური Payme-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა

646cadffbd814
გიორგი არონია
23.05.23 16:18
2600

თიბისი ჯგუფი ონლაინგადახდების უმსხვილესი უზბეკური პლატფორმის, Payme-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, - ამის შესახებ ქართული კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ. ამ დრომდე, 2019 წლის აპრილიდან, თიბისი ჯგუფი Payme-ის 51%-იან საკონტროლო პაკეტს ფლობდა და ბოლო გარიგების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლების საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილიც გამოისყიდა, რაშიც მომდევნო ათი დღის განმავლობაში, $55.7 მილიონს ნაღდი ფულით გადაიხდის. გარიგების შედეგად, Payme-ის საბაზრო ღირებულება $113.6 მილიონად შეფასდა.

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვის უფლება თიბისი ჯგუფსა და Payme-ის დამფუძნებლებს შორის კომპანიის 51%-იანი წილის გამოსყიდვის დოკუმენტში იყო ჩადებული. ამასთან, პირველი დოკუმენტით დადგინდა ამჟამინდელი გარიგების სავარაუდო ფასიც, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, კომპანიის შემოსავალზე EBIT-ის მაჩვენებელზე და მომხმარებლების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.

თიბისი ჯგუფის ქოლგის ქვეშ გაერთიანების შემდეგ, Payme-ის ფინანსური მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2022 წელს Payme-მ $17.5 მილიონის შემოსავალი და $11.4 მილიონის მოგება მიიღო, როცა 2018 წელს, ანალოგიური მაჩვენებლები $1.6 მილიონი და $0.8 მილიონი იყო. ამასთან, 2019 წლის აპრილის შემდეგ, 2.3-ჯერ გაიზარდა Payme-ის მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც ბოლო მონაცემებით, 3.1 მილიონს შეადგენს.

“მოხარულნი ვართ, რომ Payme-ის მინორიტარული წილი გამოვისყიდეთ, რითაც გადახდების დინამიკური პლატფორმის 100%-იანი მესაკუთრენი გავხდით. ეს შესყიდვა თანხვედრაშია ჩვენ მიერ უზბეკეთში გაფართოების უკვე დაანონსებულ სტრატეგიასთან, რომელიც წამყვანი ფინტექ-ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული გარიგება შესაძლებლობას გვაძლევს, დიდი სამომხმარებლო ბაზისა და მრავალფეროვანი პროდუქტის დახმარებით, გადახდების ბიზნესსა და ჩვენს ციფრულ ბანკს, TBC UZ-ს შორის პოტენციური სინერგიული ეფექტი შევქმნათ. მჯერა, რომ ამ ორ ბიზნესში ჩვენი საერთო ძალისხმევით უზბეკეთში ჩვენს შუავადიან მიზნებს, მათ შორის კაპიტალზე უკუგების სულ მცირე 30%-იან მაჩვენებელს, ყოველთვიურად აქტიურ 5 მილიონ მომხმარებელს და ჯგუფის მოგებაში 10-15%-იან წილს, უფრო სწრაფად მივაღწევთ”, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთში თიბისი ჯგუფი მისი შვილობილი ფინტექ-კომპანიის, Space International-ის ბაზაზე, TBC UZ-ის სახელით ოპერირებს. მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის, TBC UZ-ის აპლიკაციას 2.7 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა, რაც 12.5%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის ბოლო კვარტალში და 80%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში. ამასთან, ნახევარ მილიონს გადააჭარბა “თიბისი უზბეკეთის” აქტიური მომხმარებლების რიცხვმა. 2023 წლის 1-ელ კვარტალში, TBC UZ-ის შემოსავალი 23.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 27.5%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მე-4 კვარტალში და 8.25-ჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის 1-ელ კვარტალში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები