20.სექტემბერი .2021 21:20

„თიბისი კაპიტალი“ 2021 წლისთვის ეკონომიკის 10%-ზე მეტად ზრდის მოლოდინს ინარჩუნებს

„თიბისი კაპიტალი“ 2021 წლისთვის ეკონომიკის 10%-ზე მეტად ზრდის მოლოდინს ინარჩუნებს
views 275
უკან

„თიბისი კაპიტალი“ 2021 წლისთვის ეკონომიკის 10%-ზე მეტად ზრდის მოლოდინს ინარჩუნებს - ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული მიმოხილვაშია აღნიშნული.

პროგნოზების შენარჩუნებისას "თიბისი კაპიტალი" საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშპ-ს ზრდის მონაცემებს იშველიებს.

„საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მშპ-ის მე-2 კვარტალის უკვე კვარტალური შეფასება. უფრო ადრინდელი, ყოველთვიური შეფასებების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა და ზრდამ კვლავ რეკორდულად მაღალი - 29.9% შეადგინა, რაც სხვა არგუმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს 2021 წლისათვის 10%-ზე მეტი ზრდის მოლოდინი შეინარჩუნოს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, პუბლიკაციის მიხედვით, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 14.7% შეადგინა.

„მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს“, - განმარტებულია „მთავარი ეკონომისტის განახლებაში“.

"თიბისი კაპიტალში" ყურადღებას სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასაც აქცევენ და აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინების შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა.

„მართალია ფასების ზრდა მაღალია, თუმცა თიბისი კაპიტალი მომდევნო წელს ინფლაციის შემცირების პროგნოზს იმის გათვალისწინებით იზიარებს, რომ ლარი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება. სხვა არგუმენტებთან ერთად, როგორც ჩანს ამავე მიმართულებით მიუთითებს მე-2 კვარტალის ხელფასების დინამიკაც. მართალია, მატება 15.5% იყო, თუმცა დანახარჯები სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის მაღალი ზრდის გამო შემცირდა“, - განმარტავენ "თიბისი კაპიტალში".

თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - Tbccapital.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა