მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თიბისი კაპიტალმა” ტურიზმის აღდგენის პროგნოზი შეამცირა

623302b54c22d
სალომე ჭიპაშვილი
17.03.22 21:20
887
რუსეთ-უკრაინის ომმა „თიბისი კაპიტალის“ 2022 წლის ტურიზმის პროგნოზები დააკორექტირა. ის მზარდი სტატისტიკა, რაც თებერვლის ჩათვლით ფიქსირდებოდა, მარტში აღარ შენარჩუნდება. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსმა, ირინა კვახაძემ განაცხადა.

„თიბისი კაპიტალი“ ტურიზმის ზრდასთან დაკავშირებით ორ სცენარს განიხილავს:

პირველი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის მცირე ხნით გაგრძელებასა და რუსეთის მხოლოდ გარკვეული სანქციების ქვეშ მოქცევას გულისხმობს, რაც მას ენერგომატარებლების ექსპორტზე გატანაში ხელს არ უშლის. ხოლო „თიბისი კაპიტალის“ მეორე სცენარი კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც რუსეთი სრულად სანქცირებულია, SWIFT-დან გათიშულია, ომი ხანგრძლივად გრძელდება და ენერგომატარებლების ექსპორტზე გატანა აკრძალული აქვს.

„თუ ჩვენ ომამდე ტურისტული შემოდინებების აღდგენას 2022 წელს 85%-ით ვვარაუდობდით, პირველი სცენარის შემთხვევაში ახლა ეს რიცხვი მხოლოდ 68%-ია. მეორე სცენარში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია, და ტურისტული შემოდინებები მხოლოდ 56%-ს უტოლდება.“ - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსმა, ირინა კვახაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ორივე სცენარის შემთხვევაში, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე პანდემიის პირველ ორ წელს. აქ გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამ ყველა ბაზარზე ერთნაირად იმოქმედა. ომს სხვადასხვა ეფექტი აქვს ბაზრებზე.

„უკრაინა და რუსეთი ყველაზე მოწყვლადი ბაზრებია, ამიტომ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ინტეგრირებული რუსეთის ეკონომიკსათან, ამ ომის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ“, - აღნიშნა კვახაძემ.

მისივე თქმით, საინტერესოა რა გავლენას იქონიებს მიგრაციული ნაკადები ტურიზმის შემოსავლებზე. მათი შეფასებით, 50-დან 100 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება ეფექტი, რაც ტურისტული შემოდინებების აღდგენას 1-დან 3 პროცენტულ პუნქტამდე გაზრდის.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში 165 626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის თებერვალი) შედარებით აღდგენილია ვიზიტების რაოდენობის 35.4%, 2021 წლის თებერვალთან შედარებით კი ზრდის მაჩვენებელი +297%-ს შეადგენს.