მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toy Art - კარიკატურული და ბავშვის ნახატის მიხედვით შექმნილი თოჯინები

5e536cdb0dcc8
ანი ციხისთავი
25.02.20 09:00
4180
Toy Art სათამაშოების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე აქტიურად 2019 წელს გამოჩნდა. “ჩვენი თოჯინები ორი სახისაა: კარიკატურული და ბავშვის ნახატის მიხედვით შექმნილი. ხშირად ანიმაციურ გმირებსაც ვქმნით სპეციალური შეკვეთით. ჩვენი თოჯინები უნიკალურია - ერთისთვის მხოლოდ ერთს ვქმნით”, - ამბობს Bm.ge-ისთან კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარეხ ტუღუში.

ტუღუშის თქმით, სათამაშოები ქართული მატყლისგან მზადდება, რომელსაც მიმწოდებლები სპეციალურად Toy Art-ისთვის ღებავენ საჭირო ფერებში. დანარჩენი მასალა კი, მწარმოებლის თქმით, სტანდარტულია: ქსოვილი, ტყავი, ბამბა და ა.შ.

ხელნაკეთი სათამაშოების შეძენა სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი. სათამაშოების ფასები 120 ლარიდან იწყება. “რომ ავიღოთ სხვა სასაჩუქრე კომპანიები, მათთან შედარებით, ჩვენი თოჯინები ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საჩუქარია”, - აცხადებს მწარმოებელი.

მარეხ ტუღუშს მეგობართან, შალვა კეთილაძესთან ერთად ბათუმში მცირე საწარმო აქვს, რომელიც 4 ადამიანს ასაქმებს. საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, დაახლოებით, 10 ათასი ლარი იყო.

ტუღუშმა BM.GE-ისთან ქართულ ბაზარზე არსებულ სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოების პროცესში ყველაზე დიდი სირთულე კადრების პოვნა აღმოჩნდა. “საქმის ადგილზე შესწავლის პირობითაც კი, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს ამ სფეროში სტაბილური და საიმედო კადრის მოძიება”, - აცხადებს მწარმოებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წყვილი სათამაშოების ექსპორტზე გატანაზეც ფიქრობს. “უცხოურ ბაზარზე მსგავსი პროდუქცია გაცილებით უფრო მაღალ ფასად იყიდება, ვიდრე - საქართველოში, თუმცა ექპორტი მთელ რიგ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული”, - აღნიშნავს ის.

კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-სთან იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე სათამაშოების ქსელურ მაღაზიებში შეტანას, ჯერჯერობით, არ გეგმავს. “როდესაც ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები გაიზრდება, მხოლოდ მაშინ შევიტანთ მაღაზიებში სტანდარტულ თოჯინებს. ამ ეტაპზე კონკრეტული შეკვეთის გარეშე თოჯინების შექმნის საჭიროება არ დგას”, - ამბობს მარეხ ტუღუში.