მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად, პირველ კვარტალში აშშ-დან FDI 34%-ით გაიზარდა

5ef0ea14af7c0
BM.GE
22.06.20 22:20
1035
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა, რა დროსაც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები 2020 წლის I კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად სწორედ აშშ-დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა.

ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკის მიერ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. ასევე განიხილეს ე.წ. “მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის” (HLTID) შეხვედრის USTR-ის ხელმძღვანელის დონეზე ჩატარება უახლოეს მომავალში. აღინიშნა, რომ აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გათვალისწინებული იყო 2020 წლის აპრილში საქართველოში მორიგი მიზნობრივი სავაჭრო მისიის ორგანიზება. ნათია თურნავამ სურვილი გამოთქვა, რომ წელსვე გაიმართოს მისიის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და დაინტერესებას ჩვენი სტრატეგიული სექტორებით.

აღინიშნა საქართველოს მზადყოფნაც აქტიურად ჩაერთოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაანონსებულ ინიციატივაში, ე.წ. Economic Prosperity Network-ში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მოიცავს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას ციფრული ბიზნესის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, განათლების თუ კვლევის მიმართულებით. აღნიშნული ქსელის შექმნა მოიცავს აშშ-ს მიერ ე.წ. „სანდო პარტნიორების ალიანსის“ შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების კერძო კომპანიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მინისტრმა აშშ-ის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამუშაო პირობების და უფლებების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შრომის ინსპექციის შესახებ მომზადებული კანონპროექტსაც მოიცავს და საქართველოში დამოუკიდებელი სსიპ შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სააგენტოს მანდატი ყველა სამუშაო პირობის და უფლების დაცვა და ზედამხედველობა იქნება.