24.დეკემბერი .2019 00:58

TV “კავკასია” ფინანსთა მინისტრს მიმართავს

views 677
უკან

TV “კავკასია” ფინანსთა მინისტრს მიმართავს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“2019 წლის 14 აგვისტოს ჩვენთვის თქვენი განცხადებიდან გახდა ცნობილი იმ დავალიანების მოცულობის შესახებ, რომელიც ბიუჯეტის წინაშე სამ ტელეკომპანიას დაუგროვდა: რუსთავი2– 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია “იმედი“– 19 მილიონი ლარი, ტელეკომპანია მაესტრო – 8 მილონი ლარი.

ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანიების ნაწილი წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და ამაში მათ ხელს სახელმწიფო უწყობდა, თუმცა წარმოდგენაც კი არ გვქონდა დავალიანების მაშტაბების შესახებ, რაც ჩვენთვის მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

შოკისმომგვრელია სახელმწიფოს დამოკიდებულება, როცა ის შერჩევით მიდგომას იყენებს ერთი და იგივე ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აყენებს მათ და პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას( მუხლი6 , პუნქტი2 ).

იმ თანხით, რაც ჩვენ გადასახადების სახით გადავიხადეთ იმ პერიოდში, როცა ჩვენი კონკურენტები პრაქტიკულად გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან: შევიძენდით ახალ ტექნიკას, დავასრულებდით პავილიონს, რომელიც უსახსრობის გამო დღემდე დაუსრულებელი გვაქვს, დავიქირავებდით ათეულობით კვალიფიციურ თანამშრომელს, შევქმნიდით არაერთ ახალ, ხარისხიან ტელეპროექტს. თუმცა, ჩვენს ნაცვლად ამას აკეთებდნენ ჩვენი კონკურენტები, რომლებსაც არავინ თხოვდა ბიუჯეტში თანხის გადახდას.

უსამართლობის მაშტაბების გასაჯაროების და გაცნობიერების შემდეგ, ჩვენმა ტელეკომპანიამ პრინციპულად უარი თქვა გადასახადების გადახდაზე მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მილიონობით დავალიანების მქონე არხებთან დაკავშირებით, რითაც პროტესტი გამოუცხადა დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას.

თქვენს უწყებას დღემდე არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რა ეტაპზეა მოლაპარაკება ამ არხებთან, როგორ აპირებს სახელმწიფო მათი დავალიანების ამოღებას. ეს პროცესი მიმდინარეობს კულუარებში, რაც კიდევ ერთხელ არღვევს ჩვენს უფლებებს და არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს.

23 დეკემბრის განცხადებაში ამბობთ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა ტელეკომპანიების ინტერესებს, “რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები.“

თუმცა, ჩვენს ტელეკომპანიას სახელმწიფოს მხრიდან წლების მანძილზე არავითარი შეღავათი არ მიუღია და არც ასეთი ლმობიერი ყოფილა სახელმწიფო ჩვენს მიმართ არასოდეს. შესაბამისად, მოვითხოვთ ამ უსამართლო მიდგომის აღმოფხვრას:

1. გასაჯაროვდეს, რა ეტაპზეა ტელეკომპანიების: იმედის, რუსთავი2–ის, მაესტროს მრავალმილიონიანი დავალიანებების საკითხის განხილვა, რას სთავაზობენ ისინი სახელმწიფოს და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო.

2. მოვითხოვთ, ჩაგვაყენოთ ყველა დანარჩენი ტელეკომპანია თანაბარ მდგომარეობაში და არათუ დღეისთვის არსებული დავალიანებები გადაგვინაწილოთ გადახდის იგივე გრაფიკით, არამედ ამ არხების დავალიანების თანხის პროპორციული (ყოველი ცალკეული არხის შემოსავლებთან მიმართებაში, ან დავალიანების დაგროვების პერიოდის გათვალისწინებით) მოცულობის ბიუჯეტში გადახდილი თანხები დაგვიბრუნოთ უკან და მოგვცეთ საშუალება ბიუჯეტს ეს თანხები გადავუხადოთ იმავე გრაფიკით, როგორც ზემოთჩამოთვლილი ტელეკომპანები დაფარავენ ძველ დავალიანებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ტვ იმედი, რუსთავი2 და მაესტრო დაუყოვნებლივ დაფარავენ ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას – 55 მილიონ ლარს, გპირდებით, რომ იმავე დღეს დავფარავთ სრულად ჩვენს მიმდინარე დავალიანებას, რომელიც ამ კოლოსალურ თანხებთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ ჩვენს მიმართ გატარებული ნებისმიერი ზომა იქნება კონკურენციის შემზღუდავი, არაკონსტიტუციური, უსამართლო და იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო იყენებს შერჩევით მიდგომას სხვადასხვა მედიასაშუალებების მიმართ.“–ნათქვამია ტელეკომპანია კავკასიის მიმართვაში.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა