მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2021 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის

5fe456cfa0f07
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.20 13:16
875
უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2021 წელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს. ამის შესახებ BMG-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

კომპანია SICPA Security Solutions SA-თან დადებულ ხელშეკრულებას ვადა უკვე გასდიოდა. კომპანია მთავრობის დაკვეთით არაალკოჰოლური სასმელების მარკირებას 2016 წლიდან ახორციელებს. 

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, მთავრობა უალკოჰოლო სასმელების მარკირების პროცესს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დააფინანსებს. 

"2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,"- ნათქვამია ბრძანებაში.

არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით 2012 წელს განისაზღვრა. ეს წესი ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის მიმოქცევის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა ბიზნესს აკისრებდა დამატებით ხარჯს მოეხდინათ საკუთარი პროდუქციის მარკირება. ეს წესი 2013 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სექტორის პროტესტის შედეგად ის რამდენიმე წლით გადავადდა და საბოლოოდ 2016 წლიდან კომპრომისული სახით ამოქმედდა, რადგან ფინანსთა სამინისტრომ დროებით მარკირების საფასურის გადახდა საკუთარ თავზე აიღო.

კომპანიები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფინანსური ვალდებულების გადახდა მათ დაეკისრებათ, მაშინ ქვეყანაში არაალკოჰოლური სასმელების ღირებულება გაიზრდება.