მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩა მამაცაშვილი VS „ანტიკორუფციული მოძრაობა" - სასამართლოში მამაცაშვილის სარჩელი განიხილეს

62a739c89323e
მარიამ იზორია
13.06.22 21:50
2169
უჩა მამაცაშვილმა ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მამაცაშვილის მხარემ დღეს მოწმეთა დაკითხვის და მტკიცებულებათა დართვის შუამდგომლობა მოითხოვა.

მამაცაშვილი მოძრაობას ცილისწამებაზე უჩივის, რაც ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გაკეთებულ 7 სხვადასხვა განცხადებას ეხება.

როგორც მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და მოძრაობას მამაცაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ მამაცაშვილის მხარე ანტიკორუფციული მოძრაობისგან 150 000 ლარის გადახდას ითხოვს.

„მათ აღიარეს, რომ უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. სარჩელის შინაარსით მოვითხოვთ, რომ სასამართლოს მიერ დადასტურდეს, რომ ყველა ის ბრალდება, რასაც ანტიკორუფციული მოძრაობა უჩა მამაცაშვილის მიმართ აჟღერებდა, არის ცილისწამება. შედეგად, ანტიკორუფციულ მოძრაობას, როგორც მოპასუხე მხარეს ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება. აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რომელიც მოთხოვნილია დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქველმოქმედო მიზნებისთვის მიემართება...

ერთია, როდესაც პოლიტიკურ აფილაციებს გაბრალებენ და მეორეა, როცა გეუბნებიან, რომ შენ ახალგაზრდების დანაშაულში ჩართვას უწყობ ხელს, ამასთან, საქართველოში ელექტრო ენერგიის გაძვირებასაც შენ გაბრალებენ. ნებისმიერი ადამიანი მიმართავდა მსგავს სიტუაციაში სასამართლოს“ - განმარტავს მამაცაშვილის ადვოკატი.

ჟურნალისტებთან საპასუხო განცხადება ანტიკორუფციული მოძრაობის ლიდერმა ვასო ურუშაძემაც გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ მამაცაშვილის მხარე ცდილობს საქალაქო სასამართლოს გამოყენებით შექმნას განცდა, რომ მამაცაშვილი ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირში არ არის.

„იმის გამო, რომ ჩვენი მოძრაობა მამაცაშვილს კორუფციაში და ე.წ ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობის მფარველობაში ვამხელთ, გვიჩივის და ჩვენგან 150 000 ლარს ითხოვს. მათი მიზანი თავისუფალი სიტყვის შევიწროებაა. ისინი ყველა უწყებას აკონტროლებენ და ისიც კი არ სურთ, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის სახით მოწინააღმდეგე ჰყავდეთ.

მამაცაშვილი მოითხოვს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. მე მას ვპირდები, რომ მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვლება ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი საქმიანობა გამოძიებული იქნება და ყველა პირი დაისჯება. მტკიცებულებების მოთხოვნა არის ინსტრუმენტი, რათა საქალაქო სასამართლო გამოიყენონ იმ პროპაგანდის გასავრცელებლად თითქოს მამაცაშვილს ქოლ-ცენტრებთან კავშირი არ აქვს და ისინი თავისით გაჩნდნენ“, - ამბობს ვასო ურუშაძე.

ინფორმაციისთვის: ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” დირექტორის მოადგილე და საქართველოს რკინიგზის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2017 წლიდან საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ს აფუძნებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე ბიზნესს ფლობს. ფონდის ვებგვერდის თანახმად მისი პროექტებია: სასტუმრო „მელიქიშვილი ინნ“, „Illy Cafe საქართველო“, ფარმაცევტული საწარმო „GeoOrganics“.