უმდიდრესი ინდოელი მეწარმე, გაუტამ ადანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ოპოზიციური მედია-ჰოლდინგის New Delhi Television-ის შეძენას გეგმავს.
NDTV-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ადანი „აგრესიული“ შესყიდვის პოლიტიკას ახორციელებს და მეწარმის მიზანი არა ტელევიზიის განვითარება, არამედ მისი ხელში ჩაგდება და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკისა და კრიტიკული დამოკიდებულების ჩახშობაა.
Adani Group-მა ადგილობრივ მარეგულირებელ ორგანოს უკვე წარუდგინა NDTV-ის წილის შეძენის შესახებ ნებართვის მოთხოვნა, რომლის მიღების შემდეგ, ადანის კომპანია მედია-ჰოლდინგის სრულად შესყიდვას შეძლებს.
ხაზგასასმელია, რომ უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი ქვეყნის მთავრობასთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და გაუტამ ადანის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, თავად Adani Group-ი კი აქტიურადაა ჩართული ინდოეთის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.
$138-მილიარდიანი ქონებით გაუტამ ადანი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა – გასულ თვეს მან Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეიტსს გადაუსწრო.
ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი.
Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად ასამდე შვილობილი კომპანიაა, ჰოლდინგის ძირითად საინვესტიციო სფეროს კი ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა წარმოადგენს.
ადანიმ $138-მილიარდიანი ქონების ძირითადი ნაწილის დაგროვება ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეძლო, უშუალოდ მიმდინარე წელს კი მისი ქონების შეფასება თითქმის $50 მილიარდით გაიზარდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით იმ პროდუქციის გაძვირებითაა გამოწვეული, რომელსაც Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აწარმოებენ.
წყარო - Forbes.ge