მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - ნატო-ს სამიტის კომუნიკე

64ad8ec809238
ალა ისპირიანი
11.07.23 21:01
863
ვადასტურებთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია აღნიშნული.

კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს რეფორმებში.

„ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი, რომელიც მან საქართველოში მისი თანხმობის გარეშე განათავსა. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

ძალიან ვაფასებთ საქართველოს წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებას და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ვრჩებით ერთგულნი სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ვადასტურებთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის პროცესის განუყოფელი ნაწილი; ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა დეტალს, ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს.

მივესალმებით ნატო-საქართველოს გაფართოებული პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში, აგრეთვე ახალი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის ინიციატივებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს“, – წერია კომუნიკეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები