მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია, ვიდრე ვაქცინაციით - პრეზიდენტი

6070139f56fda
ინგა მურუსიძე
09.04.21 12:41
458
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას, რაც არის მსოფლიო პანდემია, მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, "ან ერთად გადავრჩებით, ან ვერა".

„საჭიროა, პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. ასეთ დროს კი სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებდეს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია, ვიდრე ვაქცინაციით.

„არსებულ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა - ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით“, - აღნიშნა პრეზიდეტმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სხვა ქვეყნების მაგალითზე, მათ შორის ისრაელზე, რომელმაც კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენასა და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას.

პრეზიდენტის თქმით, ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ.

„მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა.

ყველგან - ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადის ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.