მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ტენდერი ცხადდება - ხელახალი რეაბილიტაცია $2.3 მლნ ჯდება

61e58494e17c9
ანუკა ჯოხაძე
17.01.22 21:00
1705
თბილისის მერია ვარკეთილის მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერს აცხადებს. მერიას მეტროსადგურის ხელახალი რეაბილიტაცია 2.3 მლნ დოლარი დაუჯდება. ცნობისთვის, 4 წლის წინ ახალრეაბილიტირებული ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც მალევე ითქვა, რომ მისი რეაბილიტაცია დაიწყებოდა. თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდა. რატომ შეფერხდა ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამჯერად უკვე კალაძის მთავრობამ დააანონსა? ამის გარკვევას BM.GE თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეეცადა.

როგორც გიორგი შარკოვი აცხადებს, ტენდერი, რომელიც მეტროსადგურის პროექტირებაზე იყო გამოცხადებული, რამდენჯერმე უარყოფითი შედეგით დასრულდა და ჩავარდა. მიზეზი კომპანიების მხრიდან ინტერესის ნაკლებობა იყო. მისივე თქმით, საბოლოოდ მეტროსადგურის არქიტექტურული და დიზაინპროექტი გამარტივებული შესყიდვით, გასულ წელს, 171 056 დოლარად მომზადდა.

შარკოვი რეაბილიტაციის ვადებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო მეტროსადგურის გაჩერება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის.

“დავასრულეთ პროექტირება ვარკეთილის მეტროსადგურის, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომპანია, რომელიც მეტროსადგურების რეაბილიტაციას ახორციელებს. მითუმეტეს მიწისქვეშა სადგურების. აქედან გამომდინარე ჩვენ ვეცდებით, ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულება გავაფორმოთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც გამოცდილი არის ტექნიკური მოთხოვნების ფარგლებში, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ მაღალი ხარისხი. ტენდერი დაადგენს ვადებს, რა ვადაში განხორციელდება პროექტი. რაც შეეხება თანხას, 2.3 მლნ დოლარზეა საუბარი, რაც თბილისის ბიუჯეტიდან დაიხარჯება", - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა.

2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოვარდა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.