მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვატო სურგულაძე: 520-ე დადგენილება არაა რეფორმა, ესაა ბიუჯეტის გადარჩენა და ფიქრი ამომრჩეველზე

5df898ffa53b8
ინგა მურუსიძე
17.12.19 12:57
3667
"520-ე დადგენილება არ არის რეფორმა, ეს არის ბიუჯეტის გადარჩენა, ეს არის ფიქრი ამომრჩეველზე და არა ადამიანებზე", - ამის შესახებ "კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა ვატო სურგულაძემ ჟურნალისტებს EPRC-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?, განუცხადა.

სურგულაძე მიიჩნევს, რომ კარგია, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო რაიმე დათმობაზე მიდის, თუმცა დათმობა საჭირო არ უნდა გამხდარიყო, რადგან მსგავსი ცვლილების მიღებამდე კონსულტაციები უნდა გამართულიყო.

„ძალიან გამიხარდება, თუ რაღაცა დათმობაზე მოდიან, მაგრამ დათმობაზე კი არ უნდა მოდიოდნენ, წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ და შეხვედროდნენ კლინიკებს. 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ასეთი რამ მოხდა - გვაქვს ამდენი ფული, კეთდება ამდენი ოპერაცია, გაყვეს, მიიღეს რიცხვი და შესაბამისი კალკულაცია მიუსადაგეს მიღებულ რიცხვს. პრობლემა არის ის, რომ თანხა არ არის ბიუჯეტში და ეს როგორმე უნდა გამოესწორებინათ, სხვა მიზანს 520-ე დადგენილებაში ვერაფერს ვერ ვხედავ. რეფორმა კეთდება სხვანაირად, ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომა. არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მხოლოდ კარდიოქირურგიაზე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ონკოლოგიური პრობლემა, ფსიქიატრიული და ა.შ. ასე უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი და არა, მოდი, დღეს ამას შევასწორებ, ხვალ - იმას. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი და სჭირდება კონსულტაციები“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე შეფასებით, თუკი 520-ე დადგენილების ამოქმედება არ შეჩერდება, ბაზარზე ძალიან დაბალი მომსახურეობა დარჩება.

„დადგენილების მთავრი მოქმედი პირები არიან ექიმები და ექთნები, თუმცა 520-ე დადგენილებაში არც ექიმებზე და არც ექთნებზე არაფერია ნათქვამი გარდა იმისა, რომ ხელფასები შეუმცირდებათ. ეს არ არის რეფორმა, ეს არის ბიუჯეტის გადარჩენა და ფიქრი ამომრჩეველზე და არა - ადამიანებზე. არჩევნები მოდის და იტყვიან, ნახეთ, დაგიკელით ფასი, ამიტომაც ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. ყველა დაინტერესებული პირის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ხარისხი გაუარესდება, შეწყდა გეგმიური ოპერაციები და მიდის მსჯელობა იმაზე, დარჩეს კლინიკა ბაზარზე თუ - არა. შედეგად, მივიღებთ იმას, რომ ბაზარზე დარჩება ძალიან დაბალი ხარისხის მომსახურეობა“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.