მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად?

5f9c4ed38fa42
თამთა ჯიჯავაძე
30.10.20 21:32
1102
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი გახდა. მის კანდიდატურას მხარი 248 მოსამართლემ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ნიკოლოზ მარსაგიშვილი მდივნის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.

"მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, შესაბამისად, გაგრძელდება ის კურსი, რომელიც დაწყებულია. ვეცდები, ჩემმა საქმიანობამ დადებითი შედეგი მოუტანოს სასამართლოს. მადლობას ვუხდი მოსამართლეებს ნდობისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

გარდა ამისა, მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩიეს - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე თეა ლეონიძე.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მოსამართლეების წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მადლობას ვუხდი მათ მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღემდე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების, განვითარებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით", - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ ჟურნალისტებთან.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი საქმიანობით შევეცდები გავამართლო ის მაღალი ნდობა, რომელიც დღეს თითოეულმა მოსამართლემ გამომიცხადა. ჩემი პრიორიტეტი იქნება რაიონული სასამართლოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა", - აღნიშნა თეა ლეონიძემ ჟურნალისტებთან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და წევრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი მიქაუტაძემ და რევაზ ნადარაიამ თანამდებობები დატოვეს.

ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც იმედგაცრუება გამოხატა სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო. როგორც საელჩოში განმარტავენ, გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის.