მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa vs Mastercard - რომელი ლიდერობს საქართველოს ბაზარზე?

5f4c14f13c4d4
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.20 10:00
2209
ციფრულ სამყაროში ნაღდი ფულადი გადახდები უკანა პლანზე იწევს, პარალელურად კი დისტანციური საბანკო მომსახურებები ვითარდება და იზრდება საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საბანკო ბარათების პროცესინგის ბაზარზე ორი დომინანტი კომპანია - Visa და Mastercard-ი საქმიანობს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 6.2 მილიონი სადებეტო და 532 ათასი საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის.

2020 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 1.77 მილიონი სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა კი 4 მილიონს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 391 ათასია. 

სადებეტო ბარათების წილები გადახდის სისტემების მიხედვით ასეთია:

Mastercard/Maestro - ბაზრის 65.3%;
VISA - ბაზრის 28.4%;
სხვა სისტემები - ბაზრის 6.3%.

საკრედიტო ბარათების მიმართულებით კი ბაზრის ლიდერი VISA-ს სისტემაა, რომელსაც ბაზრის 41% უჭირავს.

საკრედიტო ბარათების ბაზარი საგადახდო სისტემებს შორის ასე იყოფა:

VISA - ბაზრის 41%;
Mastercard/Maestro - ბაზრის 33.3%;
სხვა სისტემები - ბაზრის 25.5%.

ამ ბარათებით ყოველდღიურად ერთ მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლის ჯამური მოცულობაც საშუალოდ 90 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 2016 წლის იანვარში დღეში 400 ათასზე ნაკლები საბარათე გადახდა ხდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი საშუალოდ 40 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რამდენჯერმე გაიზარდა. 

რაც შეეხება ინტერნეტბანკინგს, 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 200 ათასი ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 390 მილიონს (დღეში 13) მილიონ ლარს შეადგენს.

ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად და უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში უკონტაქტო საგადახდო აპარტის დამონტაჟებასთან ერთად, სავარაუდოდ, საბარათე და მობაილ ბანკინგის გადახდების მოცულობა კვლავ მაღალი ტემპით გააგრძელებს ზრდას.