მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Waime Spices-ი ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველ მაღაზიებს უნგრეთში ხსნის

644bbd9a1e008
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 16:40
1176
სანელებლების მწარმოებელი ქართული კომპანია Waime Spices-ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პირველ მაღაზიებს ხსნის. მონობრენდული მაღაზიები უნგრეთის დედაქალაქში - ბუდაპეშტში გაიხსნება, რისთვისაც 110 000 ევროს ინვესტიცია ჩაიდება.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგია BM.GE-სთან ამბობს, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი სამი მაღაზიის გახსნა პირადი და ევროპელი ინვესტორის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. მონობრენდული, ბუტიკური ტიპის მაღაზიები ბუდაპეშტში სამ ლოკაციაზე - ქალაქის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრში, Westend City Mall-სა და ერთ-ერთი უბნის გასტრონომიულ ბაზარში გაიხსნება. Waime Spices-ის პირველი მაღაზიის გახსნა 2 მაისს იგეგმება, ხოლო ორი მაღაზია რენოვაციის შემდეგ 2-3 კვირაში გაიხსნება.

„ბუდაპეშტი ევროკავშირის ბაზარზე პირველი ქვეყანაა, სადაც Waime Spices-ის სანელებლების კონცეფტუალური მაღაზია გაიხსნება. ეს ჩვენი პირველი მაღაზიები იქნება ქვეყნის გარეთ. მონობრენდული, ბუტიკური სტილის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახეობის სუნელები, მათ შორის ჩვენი საავტორო რეცეპტებით, ასევე მონოპოზიციები, მიქსები და კლასიკური სანელებლები.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაღაზიების გახსნაზე 1 წელია ვმუშაობთ, პირველ ეტაპზე დიდი ანალიზი ჩავატარეთ და ფოკუსში რამდენიმე ქვეყანა გვქონდა.

უნგრეთი გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩა. ეს იქნება ჩვენი სატესტო ქვეყანა, სადაც შევისწავლით ოპერირების თავისებურებებს, ბიუროკრატიულ პროცესებს და ბაზრის სპეციფიკას და უკვე აქ მიღებული გამოცდილებით შევძლებთ სხვა ქვეყნების მიმართულებით გააქტიურებას. აღსანიშნია, რომ აქამდე Waime Spices-ის სანელებლები უნგრეთში არ იყიდებოდა“, - აღნიშნა გიორგი გოგიამ.

Waime Spices-მა უნგრეთში ადგილობრივი კომპანია დააფუძნა და მათი გეგმა ახალი ბაზრის სამ მაღაზიაში 6 ტონა სანელებლის გაყიდვაა. კომპანიის დამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი პირველი სამი თვე ბუდაპეშტი ადგილობრივი კონსულტანტების გადამზადებაზე იმუშავებენ და თითოეულ მაღაზიაში 3 კონსულტანტი დასაქმდება.

კითხვაზე - რატომ შეირჩა ქვეყნის ფარგლებს მიღმა განვითარებისთვის უნგრეთის დედაქალაქი, გიორგი გოგია ერთ-ერთ ფაქტორად ბაზრის სპეციფიკას ასახლებს.

„უნგრეთი მონობრენდული მაღაზიების არსებობის პრაქტიკით გამოირჩევა. აქ ძალიან ბევრი მაღაზიაა, სადაც მხოლოდ ერთი პროდუქტი იყიდება - შოკოლადის, ყავების, ჩაის მაღაზიები. რამაც იმაზე მიგვითითა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს კონკრეტული პროდუქტის ერთ მაღაზიაში შეძენის კულტურა.

უნგრეთის ბაზარზე შესვლა ძალიან დიდ ბიუროკრატიულ პროცესებთან არის დაკავშირებული, საქართველოში ბიზნესის წამოწყება და წარმოება ბევრად მარტივია“, - აღნიშნა Waime Spices-ის დამფუძნებელი.

გიორგი გოგია მაღაზიების განსხვავებულ კონცეფციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტი ინოვაციურია.

„ეს ფორმატი, რომელსაც უნგრეთში ვახორციელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაციურია. პირველ რიგში სანელებლების ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება. არის პოზიციები, რომელიც ყოველდღიურობაში გამოიყენება და ვცდილობთ, ყველა სამომხმარებლო ჯგუფი მოთხოვნილების მიხედვით დავაკმაყოფილოთ.

ამ კონცეფციის მაღაზიების ამოქმედებით, ვცდილობთ, ისეთი სამომხმარებლო გამოცდილება დავნერგოთ, სადაც მყიდველი მიიღებს არამხოლოდ პროდუქტს, არამედ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას - ამ სანელებლების ისტორიის, მათი გამოყენების, სასარგებლო თვისებების შესახებ მივაწვდით, რაც მათ ახალი გემოების შთაგონებას მისცემს. ამასთან, მომხმარებელი ჩვენს სანელებელს ესთეტიკურად მისაღებ და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით შეიძენს. ვცდილობთ თანამედროვე მოთხოვნებს ვუპასუხოთ და პროდუქტის რეალიზებისას პლასტმასი და პოლიეთილენი არ გამოვიყენოთ.

ახალი მაღაზიების კონცეფციაში ცოდნის გაზიარების ადგილები გვაქვს, სადაც ჩვენი კონსულტანტები მასალებს და ტექსტუალურ ინფორმაციას მიაწვდიან მომხმარებელს. ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ, მომხმარებელს არამხოლოდ სანელებელი კერძის მოსამზადებლად, არამედ ემოციები და გამოცდილება. ვცდილობთ, ავაშენოთ დიდი გაერთიანება, ვისაც სახლში კერძების მომზადება უყვარს და ეს მათთვის ერთგვარი სიამოვნება და განტვირთვაა.

პირველი სამი თვის განმავლობაში მე და კომპანიის საოპერაციო დირექტორი ლევან ნურიევი ჩვენს დაგროვილ ცოდნას ადგილობრივად დასაქმებულ კადრებს გადავცემთ, რადგან ის მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ სტანდარტული არ არის. შემდეგ უკვე ადგილობრივი კადრები დარჩებიან და თითოეულ ფილიალში სამი ადამიანი დასაქმდება“, - განმარტა გოგიამ.

ცნობისთვის: სანელებლების კომპანია Waime Spices საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის თბილისში 2 ფილიალს მართავს. კომპანია მომხმარებელს კლასიკურ სანელებლებთან ერთად საფირმო ნაზავებს სთავაზობს. სხვადასხვა დასახელების სანელებლებს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე - აზერბაიჯანში, ისრაელსა და პოლონეთში ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები