მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WB საქართველოს ურჩევს, ყურადღება არ მოაკლოს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს

6253ff9cd47eb
ნინო ტაბატაძე
11.04.22 14:27
944
მსოფლიო ბანკი საქართველოს ურჩევს, ყურადღება არ მოაკლოს გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო არსებულ ახალ რეალობაში რეფორმების განხორციელების კრიტიკულ აუცილებლობაზე მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი საუბრობს.

ის ამბობს, რომ აშკარაა ომის ნეგატიური გავლენა საქართველოზე, თუმცა საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება კრიზისის სამართავად, ძირითადად, გონივრული ბუფერების გამო.

„მაკროსაფინანსო ჩარჩო საიმედოა და საბანკო სექტორი ამ განახლებულ კრიზისში მთლიანობაში ძლიერი და სტაბილურია. ამიტომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო პარტნიორების, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ერთობლივად გადავიტანოთ“, - ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.
ის საქართველოს მოკლევადიან და გრძელვადიან რეკომენდაციასაც აძლევს.

მოკლევადიან პერიოდში, რეკომენდაციაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ინფლაციის ტარგეტირების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეჟიმის განხორციელება და საქართველოს დაბრუნება თავის ფისკალურ წესრიგზე.
რჩევებს შორის არის:

• მიზნობრივი სოციალური დახმარების ფორმულის დახვეწა, რომ ის ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვინც რეალურად საჭიროებს მას;
• ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება იმ ქვეყნებთან, რომლებზეც კრიზისმა ნაკლებად იქონია გავლენა;
• კომპანიების დახმარება, რომ მათ განახორციელონ მიმდინარე საექსპორტო ბაზრებიდან რეორიენტაცია ახალ ბაზრებზე;

რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის - მსოფლიო ბანკი აქ რამდენიმე შესაძლებლობას ხედავს, რაც საქართველომ უნდა გამოიყენოს.

„შუალედური დერეფანი გაზრდის ევროპის და ჩინეთის დაკავშირების მნიშვნელობას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს საშუალებით და ჩვენ უკვე ვხედავთ ვაჭრობის ზრდას. ამდენად, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის ღირებულების ჯაჭვების შემდგომი გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს.

ჩვენ ასევე ვხედავთ ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტებს, სადაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების კუთხით და ასევე ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიმართულებითაც და ეს არის ის, რასაც ჩვენ მსოფლიო ბანკში განვიხილავთ და ყურადღებით შევისწავლით. და ბოლოს, აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობისაა ყურადღება არ მოვაკლოთ გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის მოსამზადებლად“, - ამბობს სებასტიან მოლინეუსი.

მისი შეფასებით, საჭიროა პროდუქტიულობის ამაღლება ეკონომიკის ყველა სექტორში, კონკურენციის ზრდა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ბანკი საქართველოს ზრდის შენელებას ელის. მათი შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.5%-დან 2.5%-მდე შენელდება. აღდგენა 2023 წლიდან არის ნავარაუდევი, რამდენადაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ნაწილობრივ დაბალანსდება ფისკალური სტიმულის ეტაპობრივი შემცირებით.