მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ექსპორტზე დაახლოებით ₾90 მლნ-ის ცხოველების ავეჯი გავიტანეთ - Georgian Products

61c44f5ef3cc0
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 22:00
1265
ცხოველთა ავეჯის ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია „ჯორჯიან პროდაქტსმა“ 2021 წელს 90 მლნ ლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ უთხრა.

მისი შეფასებით, კომპანიას 2021 წელს 30%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ზრდა არსებული გამოწვევების მიუხედავად, დაახლოებით 33% იქნება.

„2021 წელს დაგეგმილი გაყიდვების ზრდის გეგმა ფაქტობრივად შესრულებულია, შედეგად წელს ექსპორტზე დაახლოებით 90 მლნ ლარის ღირებულების ცხოველების ავეჯი გავიტანეთ.

ევროკავშირის ქვეყნების ჩვენი პროდუქციის რეალიზების ტრადიციული ბაზარია, ხოლო აშშ-ში 2020 წელს განხორციელებული საცდელი საექსპორტო პარტიების შემდეგ, 2021 წელს უფრო დიდი რაოდენობით შევედით. ჩვენი პროდუქტი აშშ-ში დღეს უკვე Costco-ს ქსელში იყიდება“, - აღნიშნავს ბარდაველიძე.

კომპანიის დამფუძნებელი საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ მოგებაზე გასვლა შეძლო.

„შემიძლია ვთქვა, რომ წელს ცხოველის ავეჯზე მოთხოვნა გაიზარდა და ძალიან ბევრ კომპანიას თანამშრომლობაზე უარი ვუთხარით. ზრდა იმით არის განპირობებული, რომ ევროპის მასშტაბით ამ ტიპის კომპანია არ არსებობს და მეორე ფაქტორი ჩინეთში მიწოდების ნაწილში შექმნილი სირთულეებია, რამაც იმაზე დიდი მოთხოვნა გააჩინა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, დღეს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციის პრობლემა ნაკლებად გვაქვს, მთავარი ახლა მიწოდების საკითხებია.

მიმდინარე წელს მთავარი გამოწვევები ნედლეულის დროული მოწოდება და მაღალი ინფლაციაა, თუმცა ამ ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად, პროდუქტის ღირებულება არ შეგვიცვლია და მომწოდებლისთვის ფასები არ გაგვიზრდია, რამაც თვითღირებულება დაახლოებით 20-22%-ით გაგვიზარდა. მიუხედავად ამისა წელს მაინც მოგებით დავასრულებთ“, - შეაჯამა კომპანიის ოპერირების შედეგები დავით ბარდაველიძემ.

ცნობისთვის: კომპანია „ჯორჯიან პროდაქტსმა“ ცხოველების ავეჯის საწარმო 2014 წელს აამოქმედა. მისი გაყიდვები ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. დღეისთვის კომპანიის წლიური წარმადობა 1 მლნ ერთეული ავეჯია და ის 550 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები