მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, სამ კვარტალში "ნენსკრა ჰიდრომ" $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

5dfb415ddfac9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.12.19 21:26
1957
„2019 წლის სამივე კვარტალში ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 16 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა“, - ამის შესახებ „ნენსკრა ჰიდროდან“ BM.GE-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში იუწყებიან, წლის განმავლობაში აღნიშნული ინვესტიცია მიმართული იყო როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური პროექტების განხორციელებაში.

„ამ წლის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კომპანიამ მთელი რიგი სოციალური პროექტები განახორციელა, რისთვისაც სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2019 წლის სამივე კვარტალში 200 ათასამდე აშშ დოლარი გამოჰყო.

სოციალური პროექტები ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლება და პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ისეთი სოციალური პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: ამბულატორიის სრული რეაბილიტაცია ჭუბერში, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ნაკრაში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია ჭუბერში, ინგლისურის და კომპიუტერის კურსები, მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების კურსები, მიწის რეგისტრაციაში ხელშეწყობა, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის, სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მძიმე ტექნიკით მომსახურება და სხვა“, - აღნიშნულია გამოთხოვილ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 1’200.00 გვტ.სთ. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის სამივე კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით ტოპ ინვესტორთა ათეული ასე გამოიყურება:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს მაგთიკომი
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
• სს RMG Copper
• BP ჯგუფი
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს აჭარ ენერჯი-2007
• შპს სითი ლოფტი
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
• სს ნენსკრა ჰიდრო