მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინდები ქართული ორნამენტებით" - ბაზარზე მალე "მორთულის" მაისურებიც გამოჩნდება

5e2c4030df74a
ნუცა ბაზლიძე
25.01.20 18:10
1421
კომპანია „მორთული“, რომელიც მომხმარებლებს ქართული ორნამენტებით გაფორმებულ წინდებს სთავაზობს, გაზაფხულიდან წარმოების გაფართოებას და პროდუქციაში მაისურების დამატებას გეგმავს.

„მხოლოდ 2 თვეა რაც ბაზარზე ვართ და საკმაოდ პოპულარულები გავხდით, ბევრი მომხმარებელი გვყავს. გვთხოვენ, გარკვეული ორნამენტების დამატებას. ამ ეტაპზე, სვანური, მეგრული, ბოლნისის, ქართლლური და თუშური ორნამენტებით წარმოდგენილი წინდები გვაქვს. გვსურს, რომ სამომავლოდ ყველა კუთხის ორნამენტი გვქონდეს“, - აღნიშნა „მორთულის“ დამფუძნებელმა თეა რამიშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას.

როგორც თეა რამიშვილისგან გავიგეთ, კომპანიამ წარმოება პირადი სახსრებით დაიწყო, შემდეგ კი „საქართველოს ბანკისგან“ ქალი მეწარმეებისთვის გათვალისწინებული სესხი მიიღო. სამომავლოდ, „მორთულის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დაუკავშირდეს და მისი პროგრამებითაც ისარგებლოს.

კომპანიამ პროდუქციის რეალიზება 2019 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. „მორთულის“ წინდების შეძენა მომხმარებელს 10 ლარად შეუძლია, თბილისის ფარგლებში კურიერის უფასო მომსახურებით. თეა რამიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე პროდუქციის ყიდვა მხოლოდ ონლაინ შეკვეთებითაა შესაძლებელი, თუმცა სარეალიზაციო სივრცესთან დაკავშრებით, მოლაპარაკება „ვენდუსთან“ და „Entrepreneur Shop“-თან მიმდინარეობს.

„გაზაფხულიდან, აუცილებლად გვსურს სტენდების დადგმა რამდენიმე მოლში; ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს; ვფიქრობთ, ასორტიმენტის გაზრდას. გვსურს, დავამატოთ ჯემპრებიც, გაზაფხულისთვის კი - მაისურები. „მორთულის“ პროდუქცია ყოველთვის იქნება ქართულ ორნამენტებზე დაფუძნებული“, - აღნიშნა თეა რამიშვილმა.
„მორთულის“ დამფუძნებელი და იდეის ავტორი თეა რამიშვილი თავად ითავსებს დიზაინერის ფუნქციას. ამასთან, კომპანიის საქმიანობაში ჩართულია 2 კურიერი და ბუღალტერი. საბოლოოდ, წინდა „ტიფლის ტექსტილში“ მზადდება.

„მორთულის“ დამფუძნებლის განმარტებით, მათი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია უცხოელ მომხმარებლებში, კომპანიის სამომავლო გეგმებში ექსპორტიც მოიაზრება.