მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე ან შევწყვეტთ ხელშეკრულებას ან კომპანია ახალ პირობებზე დათანხმდება - მინისტრი ნენსკრაზე

637b6e91d4bbc
მარიამ ვარადაშვილი
21.11.22 16:41
714
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიასთან წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს.

დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ასევე ისაუბრა K-Water-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომლებიც საქართველოს პრემიერს შეხვდნენ.

“შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს, თუკი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით იყო განსაზღვრული, მაგრამ ვნახეთ, რომ სატარიფო ნაწილში სახელმწიფოს სრული უფლება ჰქონდა, უკეთესი ტარიფი [შემცირებული ტარიფი] მოეთხოვა. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, რადგან ამდენი ხანი კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და საქართველოს ეკონომიკა განუხორციელებელი პროექტით დააზიანა. იმედი მაქვს, მზად იქნებიან მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები მიიღონ და პროექტი განაგრძონ. როგორც იცით, პრემიერთან შედგა შეხვედრა, ასეთ დონეზე შეხვედრები არ ხდებოდა და პრობლემები ალბათ კომუნიკაციის ხარისხთანაც იყო დაკავშირებული”,-აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რადგან სახელმწიფო კომპანიასთან ან შეთანხმდეს განახლებულ პირობებზე, ან დაასრულოს კონტრაქტი.

“ძალიან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული, რომ თუ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დავიწყოთ. განწყობილი ვართ მუშაობის გაგრძელებაში და პროექტი განვახორციელოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია კომპანია მზად იყოს. წლის ბოლომდე უნდა შევთანხმდეთ, რადგან მომავალ წელს მეტი დრო აღარ გვექნება, იმიტომ, რომ შემდეგ წელს პროექტი უნდა განხორციელდეს”,-ამბობს დავითაშვილი.

14 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. 

"ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები