მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა არათანამდებობის პირებზე 117.9 ათასი ლარი შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე გასცა - აუდიტი

62512892e878d
ალა ისპირიანი
09.04.22 10:27
1828
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 117.9 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, - ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს წევრებზე ძირითადად ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი.

„საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები) 2019- 2020 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ 117.9 ათასი ლარი. საკრებულოს დადგენილებით აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად − 397 ლარის ოდენობით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - წერია ანგარიშში.