მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთში არსებული "სამთავრობო აგარაკები" ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

5e010f321a38e
BM.GE
23.12.19 23:30
2385
პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები გამოიტანა.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89,988 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება 55,710,287 ლარად სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ შეაფასა.

საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო.. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია. პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამავე დროს, ამით ხელი შეეწყობა მომიჯნავე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.

წყნეთის აგარაკები ცნობილია თავისი გამწვანებით და წიწვოვანი ხეებით. საპრივატიზებო პირობებში ცალსახადაა მითითებული, რომ ტერიტორიის განაშენიანება გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც მწვანე საფარის სრულად დაცვას ითვალისწინებს.

პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.

გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

აუქციონი იქნება მუდმივად შევსებადი და ეტაპობრივად დაემატება ახალი ობიექტები. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები