19.იანვარი .2020 14:37

ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი „ბუერა“ წარმოებას აფართოებს

views 305
უკან

ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი „ბუერა“, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვანი მასალისგან დამზადებულ აქსესუარებსა და სახლის დეკორს სთავაზობს, სახელოსნოს გაფართოებისთვის და წარმოების გააქტიურებისთვის ემზადება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა დოდო ბაკურაძემ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, ისინი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებითაც არიან დაინტერესებული.

„მაღაზიის გახსნა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა გვინდა სახელოსნო გავაფართოვოთ, რათა მეტის დამზადება შევძლოთ. ასევე გვსურს, აქტიურად გამოვიყენოთ ონლაინ მაღაზიების პლატფორმა, რათა თუნდაც, ევროპის ბაზარი ავითვისოთ“, - აღნიშნა დოდო ბაკურაძემ.

„ბუერა“ უკვე 7 წელზე მეტია რაც არსებობს, წელიწად-ნახევრის წინ კი ბაზარზე მისი სახელით სამკაულებთან ერთად სახლის დეკორიც გამოჩნდა. კომპანია 2 დის მიერაა დაფუძნებული, რომლებიც რამდენიმე ადამიანის დახმარებით უშუალოდ ქმნიან პროდუქციას.

„მრავალფეროვან მასალას ვიყენებთ. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხა მასალაზე და ტექნოლოგიაზე ვართ ორიენტირებული. თავიდან დავიწყეთ პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, სამკაულების გამოძერწვით. 3-4 წლის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ჰერბარიუმზე, რომელსაც შემდეგ ვდებთ ვერცხლში, უჟანგავ მეტალში, თიხაში, ხეში; ასევე წარმოდგენილი გვაქვს ჩარჩოში ჩასმული ჰერბარიუმის კომპოზიციები, ყვავილებით გაწყობილი და დაპრინტული სახლის დეკორი“, - აღნიშნა დოდო ბაკურაძემ.

როგორც „ბუერას“ წარმომადგენელი განმარტავს, პროდუქცია ხშირად ხდება ტურისტთა ინტერესის ობიექტი. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, როგორც დოდო ბაკურაძემ განგვიმარტა, „ბუერას“ ნივთების შეძენა 5-დან 60 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

„ბუერას“ პროდუქციის ონლაინ შეკვეთაა შესაძლებელი. ბრენდის ნივთები წარმოდგენილია მაღაზიებში, მათ შორისაა „Plant Shop“ და „გალერეა 27“. ასევე, აღსანიშნავია ინტერნაციონალური საიტი Etsy.com, რომელთანაც „ბუერას“ წარსულში უთანამშრომლია და სამომავლოდაც გეგმავს მაღაზიის განახლებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა