16.თებერვალი .2020 15:15

ხის ხელნაკეთი ნივთები "ჯადოსნური ზღაპრისგან" – სახელოსნო სპონსორებს ეძებს

views 832
უკან

კომპანია "ჯადოსნური ზღაპარი", რომელიც ხის მასალისგან საბავშვო ავეჯსა და აქსესუარებს ქმნის, წარმოების გაფართოების მიზნით სპონსორებს ეძებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინი მენაბდემ განუმარტა.

"უამრავი ჩანაფიქრი მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, ძიების პროცესში ვარ და კარგი საქმისთვის სპონსორებს ვეძებ, როგორც ორგანიზაციებს, ასევე ბიზნესმენებს. მინდა, გავაფართოვო სახელოსნო და თანამშრომლები დავასაქმო. შემდეგ უკვე შევძლებ მაღაზიებშიც შევიტანო ნამუშევრები. ჩემი ძალიან დიდი სურვილია მაღაზიის გახსნა, ყველაფერს ვაკეთებ, რომ მალე ეს სურვილი რეალობად ვაქციო", - აღნიშნავს ნინი მენაბდე და დასძენს, რომ სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პერსპექტივასაც განიხილავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, "ჯადოსნური ზღაპარი" საქართველოს მასშტაბით პირველი კომპანიაა, რომელმაც ხისგან ისეთი საბავშვო, ხელნაკეთი ნივთების დამზადება დაიწყო, როგორებიცაა: ტანისამოსის საკიდები, თოჯინების სახლები, სამზარეულო, სახლი-კარვები, სარწეველა საწოლები, ჩარჩოები, პერსონალური სანათები და სხვა. მისივე განმარტებით, გამოყენებული მასალა ნატურალური და სრულიად უვნებელია.

"გავრისკე და სულ 500 ლარით დავიწყე საქმე. ისე გაამართლა, რომ მეორე წელს ბიზნესსესხი გავაკეთე და დანადგარი შევიძინე, რის თანხასაც ჯერ ისევ ვიხდი", - აღნიშნავს ნინი მენაბდე.

როგორც გავარკვიეთ, ამ ეტაპზე, კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც უშუალოდაა წარმოებაში ჩართული, პროდუქციას პატარა, ნაქირავებ სახელოსნოში ამზადებს. ნინი მენაბდე განმარტავს, რომ პროდუქციაზე დაინტერესება დიდია, მსურველებს კი ნივთების შეძენა ონლაინ შეკვეთების საშუალებით შეუძლიათ.

ცნობისთვის: კომპანია "ჯადოსნური ზღაპარი" მე-3 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ნივთების მინიმალური ღორებულება 5 ლარია, რა ფასადაც ნაძვისხის სათამაშოს შეძენაა შესაძლებელი, სამზარეულოს ღირებულება კი 500 ლარამდე აღწევს.