მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყლინჯი" - ბაზარზე ხელით ნაქსოვი ჰალსტუხი გამოჩნდა

5e456dba3f867
ნუცა ბაზლიძე
14.02.20 00:00
7314
ბაზარზე ქართული სტარტაპი „ყლინჯი“ გამოჩნდა, რომელიც ხელით ნაქსოვ, ფერად, განსხვავებული სტილის ჰალსტუხებს ამზადებს. BM.GE-ს „ყლინჯის“ დამფუძნებელი ალუდა არაბული ესაუბრა.

არაბულის განმარტებით, ამ ეტაპზე კოლექციაში 15 განსხვავებული ნიმუშია წარმოდგენილი. მისივე თქმით, გარდა სტანდარტული, მისი გემოვნებით შექმნილი ჰალსტუხებისა, ის შეკვეთებზე მომხმარებლის სურვილისა და გემოვნების გათვალისწინებითაც იმუშავებს. ამასთან, აქსესუარები მზადდება როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისთვის.

„მსურს, რომ აქტიურად გამოყენებადი აქსესუარი უფრო ტრენდული და მიმზიდველი გახდეს. მინდა, რომ მოირგონ პოლიტიკოსებმა და საჯარო მოხელეებმა“, - აღნიშნავს ალუდა არაბული.

როგორც „ყლინჯის“ დამფუძნებელმა განმარტა, პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებულია ნატურალური მასალა, მათ შორის შალი, ბამბა, ქაშმირი და სხვა.

ამ ეტაპზე, ამ საქმიანობით მხოლოდ ალუდა არაბულია დაკავებული, თუმცა, სამომავლოდ, მოთხოვნისა და წარმოების ზრდის მიხედვით, ის აანონსებს, რომ იქნებიან დასაქმებულებიც.

როგორც ალუდა არაბულმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, პროდუქცია მხოლოდ დამფუძნებლის პირადი სახსრებით იწარმოება, სამომავლოდ კი გაფართოებაზე ზრუნვისას, დაფინანსების, თუ კოლაბორაციების თვალსაზრისით, დაინტერესებულ ადამიანებთან და კომპანიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის: მომხმარებლებს „ყლინჯის“ შეძენა ონლაინ შეკვეთების საშუალებით შეუძლიათ. ამასთან, თბილისის მასშტაბით კურიერის მომსახურება, რაიონში კი ფოსტის საშუალებით გაგზავნაა შესაძლებელი. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ალუდა არაბულის განმარტებით, ჰალსტუხის ღირებულება 70 ლარიდან იწყება და მისი ფასი მასალის ხარისხსა და შექმნის სირთულეზეა დამოკიდებული.