16.ივლისი .2020 15:17

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო დაიხურა - კლინიკის თანამშრომლები გაათავისუფლეს

views 2002
უკან

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, ანუ “უნივერსალური სამედცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაიხურა. ყოფილ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი.

“უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში რამდენიმე თვის წინ გადაეცა, იქამდე ის საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიას “კლინიკების განვითარების კომპანიას” ეკუთვნოდა. ობიექტი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილს წარმოადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკის ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფომ საქმიანობა შეაჩეროს და ის მხოლოდ მას შემდეგ განაახლოს, რაც მოხდება მისი კაპიტალური რეაბილიტაცია. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე ვერ  ასახელებს თუ რა დრო დასჭირდება სამედიცინო ცენტრისთვის როგორც ახალი სტრატეგიის შექმნას, ასევე იმ ტენდერებს, რაც რეაბილიტაციისთვის არის საჭირო.

ამასთანავე, როგორც ირკვევა, “უნივერსალური სამედიცინო ცენტრში” უკანასკნელი წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისიც იყო და კლინიკას მედიკოსთა სახელფასო დავალიანებები ჰქონდა წარმოშობილი, ამასთანავე არსებობდა დავალიანებები სხვა მომწოდებლების მიმართაც.

“როდესაც მარტში გადმოგვეცა ჩვენ კლინიკა მართვაში, ვნახეთ რომ იყო ძალიან მწვავე ფინანსური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამორტიზებული იყო ინფრასტრუქტურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰოლდინგის განვითარების პირველივე ეტაპზე მომხდარიყო ცენტრის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. შემდგომ ეს ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს, როგორც მულტი-პროფილური კლინიკა. აქედან გამომდინარე თანამშრომლებთან გაფორმდა ინდივიდუალური მემორანდუმები, რომლის საფუძველზეც მათ გაუსტუმრდათ დავალიანებები რაც ჰქონდა კომპანიას, ასევე მათ მიეცათ ორთვიანი კომპენსაციები და მემორანდუმის თანახმად, როგორც კი კლინიკა აღიჭურვება და განახლდება, მაშინვე, ყველა ყოფილი თანამშრომლის უპირობო აღდგენა მოხდება. რაც შეეხება კლინიკის განვითარებას, ამ ეტაპზე კეთდება შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები, რათა მოხდეს აღჭურვა და აღდგენა.

რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციებს, მისი მოცულობა 2-2.5 მილიონი ლარის ფარგლებშია,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.

სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ კითხვაზე გიორგი წოწკოლაური პასუხობს, რომ კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 80% ამავდროულად, სხვა კლინიკაშიც მუშაობდა, ხოლო იმ მედიკოსებს, რომელთა ერთადერთი სამსახურიც “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” იყო სამინისტრო სხვა კლინიკებში დასაქმებისთვის გაუწევს რეკომენდაციას.

“მე მათ როდესაც შევხდვი, ვთხოვე რომ სია გაეკეთებინათ იმ ადამიანების, სადაც იქნებოდა წარმოდგენილი სამედიცინო პერსონალში, ვინც მხოლოდ აქ იყო დასაქმებული. მე ვუთხარი, რომ იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც მოხდება გადაიარაღება ამ კლინიკის, რომ დავეხმარებოდი რეკომენდაციის კუთხით ნებისმიერ ჩვენ ყოფილ თანამშრომელს,”- განაცხადა BMG-სთან საუბარში გიორგი წოწკოლაურმა.