მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაქარია ქუცნაშვილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის იბრძოლებს

5df9c68c94d19
ინგა მურუსიძე
18.12.19 10:33
2666
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დატოვება "გავრილოვის ღამის" მოვლენების შემდეგ მოუწია,  კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობისთვის იბრძოლებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. მათ შორის არიან - ნათია კუპრაშვილი, ბეგლარ ლოგუა, ნინო ქუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ხათუნა მაისაშვილი.

ცნობისთვის, ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N5205-Iს დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 ნოემბრის #2312 განკარგულების თანახმად, 2019 წლის 7 ნოემბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლის - მმართველ თანამდებობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები