მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედმეტად ხომ არ შეშინდა მთავრობა, როცა „ლოქდაუნი“ გამოაცხადა? - მინისტრის პასუხი

5f99980580b51
თელარა გელანტია
28.10.20 22:00
1706
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, წლის პირველ კვარტალში ე.წ. „ლოქდაუნის“ გამოცხადება და ეკონომიკის სრული დაკეტვა იმ პერიოდში ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იყო.

ასე უპასუხა მინისტრმა bm.ge-ისთან ინტერვიუში კითხვას - „ზედმეტად ხომ არ შეშინდა მთავრობა, როცა გაზაფხულზე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა?“.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადებით, საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან საბრძოლველად მომზადებისთვის დრო მოიგო.

„რა ვქენით „ლოქდაუნით“? - ბევრი სიცოცხლე გადარჩა, მოვემზადეთ როგორც მატერიალურ-ტექნიკური კუთხით, ასევე, ექიმებში ცოდნის და გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით. ამ ყველაფერმა კი შესაძლებლობა მოგვცა, ზაფხულში შიდა ტურიზმი სრულად რეალიზებულიყო. ბუნებრივია, ის ვერ შეავსებდა საერთაშოროსო ტურიზმიდან იმ დანაკარგებს, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის და პანდემიის გამო გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო ზიანის მინიმიზაცია. ამდენად, ვფიქრობ, „ლოქდაუნი“ იყო ყველაზე ადეკვატური რეაქცია, რადგან დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პანდემიის გავრცელება, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ზაფხულის სეზონი შიდა ტურიზმის თვალსაზრისით ყოფილიყო დინამიური. ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა და ინფიცირებულების დღევანდელი მაჩვენებელი გვქონოდა, თქვენ გგონიათ, რომ ზაფხულში ამ ამბავს (საზღვრების გახსნას) საერთაშორისო ტურიზმი დააკომპენსირებდა?! ძალიან ცდებით. ზოგადად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს თუ შეხედავთ, ნახავთ, რამდენად სუსტად აღდგა საერთაშორისო ტურიზმი“, - განაცხადა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ივანე მაჭავარიანიც ირწმუნება, რომ მორიგი „ლოქდაუნის“ დაწესება არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველო პიკშია.

„სამწუხაროდ, დღეს ვართ პიკში, ამას ვერ ავცდით ვერც ჩვენ, ისევე, როგორც ვერავინ. წარმოუდგენელი რიცხვებია ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ახლა მიდგომა ცოტა სხვანაირია - ადაპტაციის ფილოსოფიით უნდა ვიაროთ ისე, რომ არ მოგვიწიოს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. ეს არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის.

„ლოქდაუნი“ გაზაფხულზე და „ლოქდაუნი“ - ახლა, თვისობრივად სხვა მოვლენაა და სხვა მიზნებს ემსახურება. იმ მასშტაბის „ლოქდაუნი“, რაც გაზაფხულზე გვქონდა არც ეყოფა, როცა ვირუსის გავრცელების ასეთი ხარისხი გაქვს და შესაბამისად, ეს ძალიან ძნელი იქნება ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ამიტომ ზღვარზეა გასავლელი და, ჯერჯერობით, გავდივართ“, - აღნიშნა მინისტრმა.