მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზემო რაჭის სათხილამურო პოტენციალზე კვლევები მიმდინარეობს”- ონის ვიცე-მერი

61c5a92de501f
ანუკა ჯოხაძე
27.12.21 09:00
1040

რაჭის 4-სეზონიან კუროროტად ქცევის პოტენციალზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. მათ შორის საუბარი იყო სათხილამურო ტრასების მოწყობაზე როგორც ამბროლაურის, ისე - ონის მუნიციპალიტეტში. 

წლების წინ ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ კურორტ შოვში, "ბუბას" მყინვარზე სათხილამურო ტრასის და საბაგიროს პოტენციალი არსებობდა.

დღეს კი BM.GE-თან ონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ნოდარიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს, რა პოტენციალი აქვს ზემო რაჭას სათხილამურო კურორტის განვითარების თვალსაზრისით. 

“ზემო რაჭის სათხილამურო ტრასებთან მიმართებით, ამ ეტაპზე კვლევები ტარდება. ჩვენთვისაც უდიდესი ინტერესია რეგიონი სპორტული მიმართულებითაც განვითარდეს. ამ ეტაპზეც კვლევების ჩატარების პროცესში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურორტმა შოვმა სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსი შეიძინოს", - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ნოდარიშვილი. 

ცნობისთვის, სათხილამურო ტრასების მოწყობის პერსპექტივა ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც არსებობს. ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, ადგილზე ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხისა და ამბროლაურის საზღვარზე არის 40 კმ-იანი სათხილამურო ტრასის მოწყობის პერსპექტივა, რომელიც 1700 ჰექტარს აერთიანებს.

როგორც ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე BM.GE-თან 2020 წელს აცხადებდა, ადგილზე სათხილამურო ტრასის მოწყობის შემთხვევაში 10 000 მოთხილამურეს ერთად შეუძლია ისრიალოს; მაშინ ის ამბობდა, რომ მთვრობას ამ მიმართულებით დიდი ინტერესი ჰქონდა, იყო კერძო ინვესტორების მხრიდანაც დაინტერესება. ამ განცხადების შემდეგ კი, 1 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ამ მიმართულებით სიახლეები ჯერ არაა.