მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონის მერიამ 3,1 მლნ-ი დახარჯა ხარვეზიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში - აუდიტი

601d776ae8a57
თამთა ჯიჯავაძე
05.02.21 21:05
1384
ზესტაფონში 3,1 მლნ-ი დაიხარჯა 25 ინფრასტრუქტურულ პროექტში - ყველა მათგანი უკვე დაზიანებულია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, განათლებისა და სპორტის და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები.

მაგალითად, 2018 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ცხრაწყაროს გზის რეაბილიტაციის და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დასრულდა დეკემბერში და ღირებულებამ 128.9 ათასი ლარი შეადგინა. ობიექტის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გზა დაზიანებულია.

„დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა 25-დან მხოლოდ 7 ხელშეკრულების ფარგლებში მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით, თუმცა დაზიანებები აღმოფხვრილი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული წუნის გამოსწორება მიმწოდებელი ორგანიზაციის სახსრებით“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა სოფლების საუბნო გზები მოაწყო განსხვავებული პრინციპით: „კერძოდ, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 370.7 ათასი ლარის ღირებულების მზა ბეტონი, რომლის დაგებაც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით უზრუნველყო. სამუშაოების ამგვარი წესით შესრულება თავიდანვე შეიცავდა რისკებს, რომ მოსახლეობა ვერ შეძლებდა მშენებლობის არსებული სტანდარტების დაცვას და არ იმუშავებდა ხარვეზების საგარანტიო ვადებში გამოსწორების მექანიზმი. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული რისკები ვერ გაითვალისწინა და ზოგ შემთხვევაში მიიღო უხარისხო პროდუქტი. კერძოდ, შესრულებული სამუშაოების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ძირულას და ილემის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე სოფელ საწუმბოსა და ფუთში (თუთბერიძე-ვარდოსანიძეების და სირაძეების უბანი) მოსახლეობის მიერ ბეტონი უმეტესად უხარისხოდაა დაგებული“.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. შესრულებული სამუშაოების ხარისხის პრობლემა მუნიციპალიტეტში სისტემურია. „მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საექსპერტო დაწესებულებების მიმართ, რაც არ განუხორციელებია“, - წერს აუდიტი.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში ჯამში ინფრასტრუქტურული პროექტები 140 ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელდა, საერთო ღირებულებით − 17,314.3 ათასი ლარი.