ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია აღნიშნავს, ეს რეგიონის მასშტაბით ყველაზე მსხვილი პროექტია, რომლის სამუშაოებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„პროექტი თითქმის დასრულებულია და უახლოეს დღეებში, პირველ 1 200 აბონენტს მიეწოდება წყალი, ასევე რეაბილიტაცია გულისხმობს კანალიზაციის მოწესრიგებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს და ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 95, ხოლო საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 84 მილიონ ლარამდე დაიხარჯება“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ზუგდიდში ამ დრომდე, ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივების დიდი ნაწილი ინდივიდუალური ჭებითა და საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობდა. როგორც მოსალოდნელია, პროექტის დასრულების შედეგად, 50 ათასზე მეტი ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა.
როგორც გუბერნატორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე პროექტი თითქმის დასრულებულია და დაწყებულია გზის საფარის აღდგენითი სამუშაოებიც, ანუ 10 ძირითადი ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობიდან, სამი დაწყებულია, შვიდი კი ჯერ ისევ დასაწყებია. ხოლო ამ ეტაპზე, შემაერთებელი 100-მდე ქუჩა მთლიანად მოასფალტებულია ქალაქში.
„ჯამში დღეისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დაახლოებით 65 მილიონი ლარი იხარჯება, აქ შედის ანაკლიის ბულვარის მოწყობა და იქ არსებული კაფე-ბარის დასრულებაც, რის შემდეგაც საინტერესო ღირსშესანიშნაობა დაემატება ზუგდიდს, ეს ის კაფე-ბარია, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო და ახლა მიმდინარეობს მისი სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორმა.
გარდა ამისა, გუბერნატორმა Bm.ge-სთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ზუგდიდს უახლოეს მომავალში ახალი სპორტ-კომპლექსიც შეემატება, თავისი საცურაო აუზით, რაც კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება რეგიონისთვის.