მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ გურული: "ანაფილაქსური შოკი არის ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი"

6053896c59f7b
BM.GE
18.03.21 21:06
1507
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული დღეს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 27 წლის ექთნის აცრის შემდეგ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.
3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.
მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.
4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.
5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.
7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს", - წერს ზურაბ გურული.

შეგახსენებთ, დღეს, ახალციხეში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკათი“ აცრიდან ნახევარ საათში, სავარაუდოდ, ვაქცინაციის მიზეზით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. ექთანი ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.