29.მარტი .2021 11:55

„აირჩიე ის საქმე, რომელიც გიყვარს და ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა“- სოფო ჭყონია ქალების ნარატივში

233
უკან

„პანდემიის ფონზე მოდისთვის არავის ეცალა“ - სოფო ჭყონია „ქალების ნარატივში“

 

-მოგვიყევით პროექტის შესახებ, რომელსაც “ქარხანა” ერქმევა...

-გადავწყვიტეთ, Coca-cola-სძველი ტერიტორია გადაგვექცია შემოქმედებითი ინდუსტრიების გამაერთიანებელ სივრცედ, რომელიც მოიზიდავდა არამარტო ქართველ ხელოვანებს, ახალგაზრდებსა, არამედ ერთგვარი ხიდიც იქნებოდა უცხოელ ექსპერტებთან კავშირისთვის. 

 

-საგანმანათლებლო კუთხით რა მიმართულებებს მოიცავს ახალი პროექტი?

-ტერიტორია დიდია და ვახერხებთ ყველაფერი დავატიოთ. იქნება საერთაშორისო სკოლა, რომელიც მოიცავს ხელოვნების თითქმის ყველა დარგს. აგვისტოში დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო სკოლასთან. მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მოიცავს მათ შორის, მოდას, დიზაინს, კინოს, ტელევიზიას და ა.შ. სხვადასხვა მიმართულებებია. პროგრამების ხელმძღვანელები კი უცხოელი სპეციალისტები იქნებიან.   

პანდემიის გამო, ვადები ცოტა გადაგვეწია, გართულდა მოგზაურობა და პროექტში ჩართული ადამიანები საქართველოში ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. განხორციელების ვადების დასახელება ცოტა მიჭირს, ეტაპობრივად ამოქმედდება. თითქმის ყველა პარტნიორი უცხოელია.

 

-„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდით; ამით რა ახალი პასუხისმგებლობები გაჩნდა?

-ეს არ მქონია გათვალისწინებული, შეიძლება ითქვას, შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემი მიმართულება შემოქმედებითია, ამიტომ დავთანხმდი. სასიამოვნოა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ჩემი იდეები ჯერჯერობით მოსწონთ. 

 

-მოხვდით  BOF500-ის რეიტინგში, რაც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაზე გავლენას უკავშირდება. ელოდით ამას?

-მოულოდნელი იყო, არ მეგონა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის განვითარებაში წვლილი თუ შემქონდა. ზოგადად, სანამ საქართველოში დავიწყებდი პროექტების განხორციელებას, ძირითადად, საზღვარგარეთ ვმუშაობდი, სხვადასხვა კომპანიებში. დიდი გზა გავიარე, რომ რაღაც ჩემი შემექმნა. ბევრმა ადამიანმა გამიცნო და მათ ყოველთვის საქართველოში ვპატიჟებდი.

 

-საქართველოში შეინიშნება დამოკიდებულება, რომ ადგილობრივ დიზაინერებს მხოლოდ მაშინ აღიარებენ, როცა ამას საზღვარგარეთ ახერხებს. როგორ ფიქრობთ, რატომაა ასე?

-ალბათ, მხოლოდ ამ სფეროში არაა ასე. საქართველოში მეტი ინტერესი ჩნდება, როცა შენს საქმიანობას საზღვარგარეთ აღიარებენ. აქ, ალბათ, პატარა ქვეყნის ეფექტიც ერთვება. მოდაშიც ასეა. მოდა გლობალური თემაა და მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე ორიენტირებული არც უნდა იყო. ზოგადად, დიზაინერები ყოველთვის ფიქრობენ კოლექციების საზღვარგარეთ გატანაზე. მაგალითად, ბელგიამ თავისი მოდის ინდუსტრია შექმნა იმით, რომ იქაური დიზაინერები მსოფლიოში ცნობილები გახდნენ. ამ ქვეყნების მაგალითზე აწყობილი ჩემი პროექტიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა პანდემიამდე, ახლა ცოტა შენელდა, მაგრამ გაგრძელდება.

 

-პანდემიამ რამდენად იმოქმედა მოდის თვალსაზრისით, თქვენი გამოცდილებით?

-საკმაოდ რთული პერიოდი იყო. პირველი პერიოდი იყო შოკი, შემდეგ უკვე დავიწყეთ გამოსავლის ძიება. პანდემიის ფონზე, მოდისთვის არავის ეცალა. ონლაინ საშუალებები დაგვეხმარა იმაში, რომ კომუნიკაცია არ შეგვეწყვიტა. ამას აქამდე არ ვიყენებდით, რადგან, ზოგადად, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, საერთაშორისო სტუმრების ჩამოყვანა საქართველოში. 

 

-Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის თვალსაზრისით რა სიახლეებს ველოდოთ?

-პროექტის განხორციელება ისევ ონლაინ რეჟიმით გვიწევს. იმედია შემოდგომაზე უკვე სტუმრების ჩამოყვანას შევძლებთ. 

 

-რა არის თქვენი სამომავლო გამოწვევა?

-ყოველთვის 5 წლიანი პერიოდით ვსაზღვრავდი, პანდემიამ კი ეს შეცვალა, სამომავლოდ აქტიურად აღარ ვგეგმავ. პანდემიამ ბევრ გეგმაში შემიშალა ხელი. ბევრი პროექტი მქონდა საქართველოს გარეთ, რომლებიც გაუქმდა. ბევრს ვმოგზაურობდი, ძირითადად საქმიანი ვიზიტით და ესეც შეიზღუდა. 

 

-განტვირთვას როგორ ახერხებთ?

-მე რასაც ვაკეთებ, ერთგვარად განტვირთვაცაა. მართლაც - „აირჩიე ის საქმე, რომელიც გიყვარს და ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა“.

 




სტუმარი: სოფო ჭყონია - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი