მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახლადაშენებული ობიექტები ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებენ

5c34b8515b918
თამუნა დემეტრაშვილი
09.01.19 09:55
773
თბილისში ახლადაშენებული ობიექტები, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებენ, - ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის შემოწმების საფუძველზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 159 ობიექტს ეთქვა. აღსანიშნავია, რომ აქედან 62 ობიექტი ე.წ. მე-3 და მე-4 კლასის მშენებლობებს მიეკუთვნება, რაც მრავალფუნქციურ ობიექტებსა და მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებს მოიცავს. ისინი კი, საშუალო და მაღალი რისკის ობიექტებს წარმოადგენენ.

„ექსპლუატაციაში მიღება, სავარაუდოდ, ადასტურებს მშენებლობის ხარისხს, კონსტრუქციულ მდგრადობას და სხვ. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ პროექტთან შეუსაბამობის ხარვეზების გარდა, ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტებს ჰქონდეთ სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები, რაც შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მოსახლეობისათვის“, აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

მიუხედავად იმისა, რომ პირველადი შემოწმებისას ხარვეზები გამოვლინდა, ამ ობიექტების მფლობელებს ზედამხედველობის სამსახურისთვის ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ხელახალი მოთხოვნით აღარ მიუმართავთ, ეს კი უწყებისთვის, ხარვეზების გამოსასწორებლად, ერთადერთი ბერკეტია.

„ობიექტები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ექსპლუატაციაში მიღებული, ძირითად შემთხვევაში ჩვეულებრივ განაგრძობენ ფუნქციონირებას, რაც მიუთითებს არასაკმარისი კონტროლის მექანიზმების არსებობას”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური, ასეთი შემთხვევები თავიდან ასაცილებლად, დამატებითი პროცედურების შემუშავების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.