20.ივლისი .2018 16:34

FAQ s - ტყიბულის შახტი

864
უკან

ეს კვირა უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა, რომელიც ისევ ტყიბულის შახტს უკავშირდება. მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე ტრაგედიაა, რომლის მომსწრეც ტყიბული და მთელი საქართველო გახდა.

ამ ტრაგედიებამდე 2009-2017 წლების სტატისტიკა ასეთი იყო: 24 დაღუპული, 19 სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებით. ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგებით 2010 და 2011 წლები გამოირჩეოდა: 2010 წელს ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა 8 ადამიანი, 7 კი დაშავდა, ხოლო 2011 წელს დაიღუპა 5.

ასეთი მძიმე სტატისტიკის მიუხედავად, შახტის დახურვის გადაწყვეტილება ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო. ამის მიზეზი სრულიად კონკრეტული რიცხვებია: 1989 წლის აღწერით ტყიბულში თითქმის 22 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და მას შემდეგ, ეს რიცხვი სულ მცირდება: 2002 წლის აღირცხვით ტყიბულის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 14 ათასამდე შემცირდა, სულ ბოლო 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით ტყიბულში 10 ათასამდე ადამიანიღა დარჩა. ტყიბულის მოსახლეობის დაახლოებით 15% საქნახშირშია დასაქმებული.

შახტის დახურვას ეწინააღმდეგება საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირიც. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის მთელი ეკონომიკა იმ 1400 ადამიანის ხელფასზეა აგებული, რომელიც ტყიბულის შახტშია დასაქმებული. საქნახშირის გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შახტში მინიმალური ხელფასი 600 ლარიდან იწყება და 1200-1300 ლარს აღწევს. ნეტგაზეთისვე ინფორმაციით, უშუალოდ ადმინისტრაციაში მომუშავეთა ხელფასები, რომლებიც მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს არ ასრულებენ, გაცილებით უფრო მაღალია.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, საქნახშირი ყოველთვის სოციალური პროექტი იყო და ეს ბიზნესი მომგებიანი არასდროს ყოფილა. 2017 წელს საქნახშირის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი ამბობდა, რომ კომპანიის წლიური ბრუნვა 33 მილიონი ლარი იყო. 1 ტონა გამდიდრებული ნახშირის მოპოვება კომპანიას 83 ლარი უჯდებოდა, გაყიდვით კი 57 ამერიკულ დოლარად ყიდდა. კომპანიის მოგებასთან დაკავშირებით ჯამბულ ჯაყელის პოზიცია შემდეგი იყო: “პირველ მოგებაზე გავალთ 2021 წელს”. მისივე ინფორმაციით, შარშან იანვარში კომპანიამ 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა შრომითი უსაფრთხოების და მეშახტეტათვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. დღეს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზად არის სახელმწიფოს საქნახშირი უსასყიდლოდ დაუთმოს.

სტუმარი: რამაზ გერლიანი - ეკონომისტი