23.მარტი .2021 15:59

გულსუნდას ყოველთვიური საბავშვო ყუთი - მხოლოდ ქართული პროდუქტებით

214
უკან

„ფრთხილად ვნერგავთ იმ ღირებულებებს, რაც მართლა მნიშვნელოვანია“ – „გულსუნდას“ დამფუძნებელი ანი ჩერქეზიშვილი „ქალების ნარატივში“

 

-საიდან დაიბადა სახელის იდეა?

-„გულსუნდაში“ მხოლოდ ქართული პროდუქტებია და ცალსახად გვინდოდა, რომ სახელი ქართული ყოფილიყო. შინაარსობრივად კი უკავშირდება იმ ასპექტს, თუ რა უნდა ბავშვების გულს. 

 

-2 თვეა, რაც ეს ბრენდი არსებობს, რა არის მთავარი კონცეფცია?

-იდეა დაიბადა მაშინ, როცა მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით რა აქტივობები შეგვეთავაზებინა ჩვენი შვილისთვის და მივხვდით, რომ არ ვიცოდით ბევრი ასეთი პროდუქტი. ჩვენნაირად ბევრი სხვა მშობელიც იქნებოდა. ჩვენი სლოგანია - „თამაში თამაშზე მეტია“; დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ რით თამაშობს ბავშვი. შევქმენით „გულსუნდა“. პირველი იყო თებერვლის ყუთი და აღვნიშნავ, რომ რამდენიმე დღეში ყუთები სრულად გაიყიდა. 

პროდუქცია 2-დან 10 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული. ყუთში ხვდება 5-7 მხოლოდ ქართული პროდუქტი, რომლებიც ემსახურება გართობას და შემეცნებას. თვითონ ყუთიც გამოყენებადია, მის ძირზე არის სამაგიდო თამაში. ამით ბავშვებს ე,წ No wasteპოლიტიკას ვაჩვევთ. მარტის ყუთში ხვდება ზურგჩანთაც, ასევე კედელზე გასაკრავი სტიკერ სახაზავი, რომლის იდეაც არის ის, რომ ბავშვები ჯანსაღ ცხოვრებას მივაჩვიოთ, ამიტომ მასზე ხვდება ექიმის მიერ დაწერილი სხვადასხვა მესიჯები, მაგალითად: „იარე ფეხით“, „ისეირნე ველოსიპედით“ და ა.შ. გვაქვს „ჩხირკედელას“ ხელნაკეთი პლასტილინებიც, რომელიც არის ეკოპროდუქტი. შერჩევის პროცესი ძალიან კომპლექსურია. 

 

-მომხმარებლები რამდენად აქტიურად გამოხატავენ ინტერესს?

-ყუთების შემადგენლობა თვიდან თვემდე სრულად იცვლება და ვნერვიულობდით, ამ ფაქტორს როგორ მიეჩვეოდა მომხმარებელი. თუმცა, აქტიურმა მოთხოვნაც წაგვახალისა. ასევე, აღვნიშნავ, რომ „გულსუნდა“ არის მარკეტინგული ადგილი ქართველი მწარმოებლებისთვის. 

 

-თქვენი იდეების შკალას ეწევა ქართული წარმოება?

-ამ ეტაპზე, ეს არის „გულსუნდას“ მთავარი გამოწვევა. ბევრი პროექტის გაცხრილვა გვიწევს, რადგან ისინი უნდა შეესაბამებოდეს „გულსუნდას“ იდეას. ხელს გვიწყობს ისიც, რომ ყუთში მხოლოდ საბავშვო პროდუქტები არ ხვდება. მაგალითად, თებერვლის ყუთში მოხვდა „არტიატოს“ სამგანზომილებიანი ქანდაკების შესაქმნელი ნაკრები, რომელიც სულაც არაა საბავშვოზე ფოკუსირებული, უბრალოდ ჩვენს ყუთში მოდიფიცირებული იყო საბავშვო ზომაზე. ზოგადად, „გულსუნდას“ ყუთები ბავშვებს სხვადასხვა პროფესიების ათვისებაში ეხმარება. ასევე, გვქონდა „ნიკოლის“ სუპერგმირის მოსასხამი მესიჯით, რომ შეუძლებელი არაფერია. იყო ასევე - „გახდი მებაღე“ - ქოთანი, თესლი, ნიადაგი და თვითონ დარგებს ბავშვებმა. თავისი ხელით დარგული, ბუნების დაცვის მომენტსაც მოიაზრებს. ფრთხილად ვნერგავთ იმ ღირებულებებს, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ყუთი არაა დაყოფილი გოგოსთვის და ბიჭისთვის, ამით ვეუბნებით, რომ ისინი ერთნაირად სწავლობენ და შეიმეცნებენ. აპრილის ყუთში ხვდება  მსოფლიო რუქაც, სადაც დატანილია კონტინენტები, ოკეანეები და ასევე ნაჩვენებია, რომელ კონტინენტზე რომელი ცხოველი ბინადრობს. სამომავლოდ, აუცილებლად გვექნება საქართველოს რუქაც.

 

-რა არის „გულსუნდას“ ნიშა და მთავარი ღირებულება?

-„გულსუნდა“ არასოდეს არ იქნება მასობრივი ბაზრის პროდუქტი, ვზღუდავთ ტირაჟს, რადგან ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა რაოდენობაზე. ჩვენ ვართ უფროსების და პატარების მეგობარი, უფროსებს სწორი პროდუქტის შერჩევაში ვეხმარებით, მთელი თვე ვფიქრობთ, ვტესტავთ. მაგალითად, „უნიკის“ წინსაფარმა, რომელიც ხვდება ჩვენს პროდუქციაში, გაიარა დატესტვის არაერთი ეტაპი. ონლაინ გაყიდვებით პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიგვაქვს და გამიხარდება, თუ მალე აფხაზეთშიც მოხვდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ ონლაინ იყიდება; ვფრთხილობთ, ვფიქრობთ, თუ როგორ მიაწვდის ჩვენი პროდუქციის კონცეფციას სხვა. თუმცა, სამომავლოდ, ვფიქრობთ სხვა პოტენციალიც აქვს.

 

-რა პოტენციალზე ფიქრობთ?  

-ვფიქრობთ, რომ გამოჩნდება „გულსუნდა“ ყუთს გარეთაც. 

 

-რას ურჩევდით სხვებს ბიზნესის თვალსაზრისით?

-ვიტყოდი იმას, რომ შეუძლებელი არაფერია. ასევე, მნიშვნელოვანია გულწრფელობა.

 


სტუმარი: ანი ჩერქეზიშვილი - "გულსუნდას" თანადამფუძნებელი