IMF-ის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გაწერა საკუთარი პირობები და დათქმები, რომელთა შესრულებასაც ის გეგმავს. მათ შორის მოხვდა ჩანაწერი "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით.
დოკუმენტით ნათელი ხდება, რომ ამ სიის გაუქმებით მთავრობა იმპორტიორებისთვის პირობების გათანაბრების ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავდა.
"რეფორმათა ფისკალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ გავზარდეთ გადასახადები თამბაქოზე და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას თამბაქოს სხვა ნაწარმზე. ჩვენ ასევე ვაუქმებთ გადასახადის გადამხდელთა ე.წ. „ოქროს სიისთვის“ შეღავათებს, რაც 100 მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს", - ნათქვამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც IMF-ის მეოთხე მიმოხილვის ნაწილს წარმოადგენს.
ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, "ოქროს სიის" 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა. ნაჩქარევად მიღებულმა ცვლილებამ ბიზნეს სექტორის შეშფოთება გამოიწვია, რაც პირველ რიგში ბიზნესისთვის ახალ წესებზე გადაწყობის დროის სიმცირეს უკავშირდებოდა. მთავრობის განცხადებით, ცვლილება ყველა კატეგორიის იმპორტიორისთვის პირობების გათანაბრებას ემსახურებოდა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის განახორციელებს საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადაწევაა.
IMF-ს მთავრობა წერს, რომ ბანკებისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება 2025 წლამდე არ იგეგმება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვაში ხელისუფლება წერს, რომ აღნიშნულის მიზეზი შემოსავლების მოსალოდნელი კლების თავიდან აცილებაა. ამასთანავე ნათქვამია, რომ სადაზღვევო სექტორისთვის რეფორმის ამოქმედება ამ თარიღზე ადრე მოხდება.
მოგების გადასახადის ახალი მოდელის ამოქმედება საფინანსო სექტორისთვის უკვე არაერთხელ გადაიდო. თავდაპირველად, ხელისუფლება ამბობდა რომ რეფორმა სექტორზე 2020 წლიდან გავრცელდებოდა, მოგვიანებით პრემიერის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თარიღმა 2023 წლამდე გადაიწია, ამჯერად კი - 2025 წლამდე.
2017 წელს ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 90.5 მილიონი ლარი გადაიხადეს, 2016 წელს - 79.3 მლნ ლარი, ხოლო 2015 წელს კი - 67.2 მლნ ლარი.
"Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" მთავრობის მიერ "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ:
წყარო - Forbes

























