თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების დეკანის ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, „საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა და მთავრობა ფიქრობს, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მაგალითად - მე“.
ამის შესახებ რაქვიაშვილმა გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების, მათ შორის ე.წ. რუსული ავიასანქციების პირობებში მთავრობის შესაძლო ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში მთავრობას უამრავი მექანიზმი აქვს, როგორ დაეხმაროს ეკონომიკას; მათ შორის მაგალითად სხვადასხვა რეგულაციების გაუქმება მოიყვანა და ასევე, გააკრიტიკა ნახევრადსავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა.
„ჩემი აზრით, საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი მავნებლობაა, რაც გააკეთა მთავრობამ, იმიტომ, რომ ის ფორმა, რაც იყო არჩეული, ნიშნავს იმას, რომ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა და მთავრობა ფიქრობს, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მაგალითად - მე; მარტივი სიტუაციაა - იქნებ კარგ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ მოვიდნენ და ამიხსნან ანუ მომცენ თავისუფალი არჩევანის უფლება და მერე დამაჯერონ, რომ ეს კარგია. მე ახლა ჩემი დანაზოგი ბანკში 2%-ად მიდევს, მაგრამ ვიღაცამ რომ დამაჯეროს სამჯერ მეტს გადაგიხდიო, არ მივუტან ფულს?! მაგრამ რადგან ამას არ აკეთებენ, მათ ჰგონიათ, რომ ეს ცუდია, ამიტომ დიდი იმედი, რომ სწორ გზას დაადგებიან, არ მაქვს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

























