მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 სექტემბრიდან დაბადებულ ბავშვზე იპოთეკის სუბსიდიის მოთხოვნა შეგეძლებათ-პროგრამა დაიწყო

612f2598bb6ca
ინგა მურუსიძე
01.09.21 12:41
2161
დღეიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. შესაბამისი კომპონენტი პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ დაემატა.

„პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას. პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე“, - განმარტავენ სააგენტოში.

ამასთან, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე - მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000-ლარიანი სესხის აღება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:

3,5 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 1 ან 2 შვილი,
1,5 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ სუბსიდირების მანძილზე სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხის ოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები