„სავარაუდოდ, ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს გადაყრის“ - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მიერ ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვის თაობაზე გავრცელებული ანონსის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არაფერს უშველის და ეს მდგომარეობას ვერ დაასტაბილურებს. ეს არ არის მხოლოდ აჟიოტაჟით გამოწვეული ფაქტორი, შესაბამისად, 40 მლნ დოლარის გაყიდვამ, მოკლე დროში შესაძლოა მცირე ეფექტი გამოიღოს, მაგრამ შემდგომ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდება“, - განაცხადა ცომაიამ.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება რეალურად საზოგადოებაში სავალუტო შემოდინებების კლებამ გამოიწვია.
„ფაქტი სახეზეა, სხვას ვერაფერს დავაბრალებ. სავალუტო შემოდინებების კლება უკავშირდება უცხოური ინევსტიციების კლებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე ტურისტული სეზონი არ არის ისეთი, როგორი მოლოდინიც იყო, თუმცა ეს ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ფაქტორი არ არის; უფრო მაინც საინვესტიციო გარემოს მკვეთრ გაუარესებას და უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას ვუკავშირებ, რაც შესაბამისად, ლარის გაუფასურებას იწვევს. გარდა ამისა, თუ ეროვნულ ბანკს სიტუაციის გაჯანსაღება რეალურად სურს, მან უარი უნდა თქვას იმ ყბადაღებულ რეგულაციებზე, რაც რამდენიმე თვის წინ შემოიღო,“ - განაცხადა ცომაიამ.
კითხვაზე - იყო თუ არა 40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვაზე გაკეთებული განცხადება ეროვნული ბანკის მხრიდან დროული, ცომაიას შემდეგი პასუხი აქვს:
„ეროვნულ ბანკს და მით უფრო მთავრობას და ამ მთავრობაში არცერთ ინსტიტუტს ნდობა საზოგადოებაში არ აქვს და რაც უნდათ, ის გამოაცხადონ, თუ უნდათ საერთოდ არაფერი გამოაცხადონ, საზოგადოება აბუჩად იგდებს და არ რეაგირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. იქნება ეს ეროვნულ ბანკი სასამართლო და ა.შ. საქართველოში არაფორმალური აბსოლუტიზმი გვაქვს და აზრი არ აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს", - განმარტა აკაკი ცომაიამ.
ცნობისთვის: ეროვნული ბანკის მოსაზრებით, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას და ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმადე გაუფასურდა. განახლებული კურსით ერთი დოლარი 2.9718 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 2.11 თეთრით მეტია.

























