არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელის დრიტან ტაულას შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა მაღალი პოლარიზაციის ფონზე ჩატარდა, რა დროსაც, განსაკუთრებით სოფლებში პარტიული აქტივობები დაფიქსირდა. ამის შესახებ ENEMO-ს ხელმძღვანელმა საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების შეფასების მიზნით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას იძლევა, თუმცა საარჩევნო კამპანია ქვეყანაში არსებული ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე მაღალი პოლარიზაციით გამოირჩეოდა. დომინირებდა საერთო ეროვნულ - პოლიტიკური თემები, რაც ადგილობრივ საკითხებსა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ დისკუსიასა და წინადადებების წამოჭრას ზიანს აყენებდა. ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას. არჩევნები ეფექტიანად და გამჭირვალედ ჩატარდა, უბნებზე ძირითადად მშვიდი იყო, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა განსაკუთრებით სოფლებში შენიშნეს პარტიული აქტივობები უბნებზე.
არჩევნები ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა, რომლის კულმინაცია იყო გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციით და პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ღრმა უნდობლობით,“- აღნიშნა დრიტან ტაულამ.